„ილიას დაჰპირდნენ, რომ პირდაპირ სატიტულო ჩხუბს მიიღებდა“ - ცარუკიანი
UFC-ის სომეხმა მებრძოლმა, არმან ცარუკიანმა Jaxxon-ის პოდკასტში მსუბუქ წონით დივიზიონში შექმნილ ვითარებაზე და ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევს შორის პოტენციურ ჩხუბზე ისაუბრა.
ცარუკიანი ამბობს, რომ მახაჩევს „ლეგენდასთან“ ჩხუბი არ სურს.
არმან ცარუკიანი:
„ვფიქრობ, თოფურიამ ქვემსუბუქი წონის ტიტულზე უარი სწორედ იმიტომ თქვა, რომ მას მსუბუქ წონაში სატიტულო ჩხუბს დაჰპირდნენ. ისლამს თოფურიასთან ჩხუბი არ სურს, მე ამის შესახებ მსმენია. მახაჩევი ფიქრობს, რომ თუ ილიას მოუგებს, ყველა იტყვის, რომ მან ისევ ქვედა წონიდან ამოსული მებრძოლი დაამარცხა.
თუ ისლამი მომიგებს, მსუბუქ წონაში მას აღარაფერი ექნება დასამტკიცებელი. ჩემთან ჩხუბი არავის სურს, იმიტომ რომ სახიფათო ოპონენტი ვარ და თანაც, ქამარი არ მაქვს. რისკი დიდია, გამარჯვების შემთხვევაში კი ტიტულს მაინც ვერ იღებ.
მაგალითად, ჩარლზ ოლივეირას მარტო სატიტულო ჩხუბი სურს, ისევე როგორც ილია თოფურიას... ასე რომ, ვფიქრობ, ჩემი მომდევნო მეტოქე მხოლოდ მას შემდეგ გაირკვევა, რაც მსუბუქი წონის სატიტულო ჩხუბი ჩაინიშნება. მე დროებითი ჩემპიონის ქამრისთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში მაჩხუბებენ, თუ მახაჩევი ქვესაშუალო წონაში გადავა“.
შეგახსენებთ, რომ არმან ცარუკიანი მსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგის პირველი ნომერია. მას მიმდინარე წლის იანვარში ისლამ მახაჩევთან უნდა ეჩხუბა, თუმცა სომეხი მებრძოლი ჩხუბს ტრავმის გამო ჩაეხსნა და ის რენატო მოიკანომ შეცვალა. ცარუკიანს MMA-ში 22 მოგება და 3 მარცხი აქვს - ბოლოს მან მსაჯთა გადაწყვეტილებით ჩარლზ ოლივეირა დაამარცხა.