„ვიცოდით, რომ რთული იქნებოდა, მაგრამ სიმშვიდე შევინარჩუნეთ“ - ინძაგი
„ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა, სიმონე ინძაგიმ „ბაიერნთან“ ფრე (2:2) ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლა შეაფასა.
სიმონე ინძაგი:
„ასეთ ძლიერ მეტოქესთან გამკლავებაში გულშემატკივრების როლი ძალიან დიდია. „ბაიერნმა“ ორი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, თუმცა „ინტერმა“ აჩვენა, რომ მზადაა, შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ნებისმიერი ფასი გადაიხადოს. ძალიან კარგად ვითამაშეთ, ვაზღვევდით ერთმანეთს და გუნდის ინტერესებისთვის ყველაფერს ვაკეთებდით - სხვა შემთხვევაში ასეთ მეტოქეს ვერ მოუგებ.
პირველი გოლი მაშინ გავუშვით, როდესაც მხითარიანს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, მაგრამ მოვლენებს არ გამოვეთიშეთ, საღად ვაზროვნებდით და თამაში შემოვატრიალეთ.
ბოლო 15-20 წუთში „ბაიერნი“ დიდი ძალებით გვიტევდა, გამოვიდნენ კომანი და გნაბრი, მაგრამ ჩვენ სიმშვიდე მაინც შევინარჩუნეთ.
მიუნხენელებმა „სან-სიროზე“ ბოლო 4 მატჩი მოიგეს, ამიტომ ვიცოდით, რომ რთული მატჩი გველოდებოდა, თუმცა შედეგი ყველაფერს აანაზღაურებს. იმედია, ყველა ტრავმირებული მალე დაგვიბრუნდება, იმიტომ რომ ყოველ 2-3 დღეში ერთხელ თამაში ძალიან რთულია. ამაყები ვართ, რომ ნახევარფინალში ვითამაშებთ“.
შეგახსენებთ, რომ „ბაიერნისა“ და „ინტერის“ საპასუხო მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა, თუმცა ორი მატჩის ჯამში უპირატესობა მილანელების მხარესაა (4:3) და ნახევარფინალში „ბარსელონას“ მეტოქე სწორედ სიმონე ინძაგის გუნდი იქნება.