“მიქაუტაძეს პენალტის დარტყმა შეუძლია“ - ფონსეკა მანჩესტერთან მატჩის წინ
ევროპის ლიგის მეოთხედფინალის განმეორებით მატჩში, ლიონი მანჩესტერ იუნაიტედს ესტუმრება. თამაშის წინ, ფრანგული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა პაულო ფონსეკამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
ფონსეკა:
„ჩემი სათადარიგოთა სკამზე დაბრუნება ბევრ რამეს ცვლის. ძალიან რთულია მოედნიდან შორს ყოფნა. ლიონის ყველა თანამშრომელს ვთხოვე, რომ ყველაფერში აქტიურად ჩაერთონ. გასახდელი უფრო აქტიური უნდა იყოს და ბიჭებს მოტივაცია აუმაღლდეთ. თავმდაბალი მინდა ვიყო, მაგრამ მე მყავს გუნდი, რომელიც ჩემს იდეებს პრაქტიკაში ახორციელებს.
უფრო აგრესიულები უნდა ვიყოთ და დაცვით ფაზაში შეცდომები არ დავუშვათ. ზეწოლის ქვეშ მოგვიწევს თამაში, მაგრამ უნდა გავუძლოთ. ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაუმჯობესებელი, მაგრამ შემდეგ ეტაპზე გასვლა შეგვიძლია.
მანჩესტერში გარკვეული ამბიციებით ჩამოვედით. ჩვენი ფეხბურთის თამაში გვინდა. გვსურს ბურთი მაქსიმალურად ხშირად გვეჭიროს და სწორ დროს სახიფათო შეტევები შევქმნათ. ასეთ დროს აგრესიულები უნდა ვიყოთ.“
მინდა ჟორჟისა და ლაკაზეტის ეპიზოდს შევეხო. ეს მეორე შემთხვევაა, როცა ლაკაზეტმა მიქაუტაძეს პენალტის შესრულება დაუთმო. გუნდში 2-3 პენალტის შემსრულებელი გვყავს და ჟორჟი ერთ-ერთია, რომელსაც ეს შეუძლია. ვფიქრობ, კაპიტნისგან ეს ძალიან კარგი ჟესტი იყო."
შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი დაპირისპირება საფრანგეთში გაიმართა და 2:2 დასრულდა. გიორგი მიქაუტაძემ წითელ ეშმაკებთან საგოლე პასი შეასრულა. მანჩესტერ იუნაიტედისა და ლიონის მომავალი მატჩი 17 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.