ანჩელოტი: რონალდუს მსგავსი ფეხბურთელი არასდროს მინახავს
კარლო ანჩელოტიმ, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე წარმატებული მწვრთნელია, კრიშტიანუ რონალდუსთან მუშაობის გამოცდილებაზე ილაპარაკა.
იტალიელმა სპეციალისტმა პორტუგალიელ ფეხბურთელს უდიდესი მოთამაშე უწოდა.
„რონალდუ უდიდესი ტალანტია, როგორც ფიზიკურად, ისე ტექნიკურად - ეს მისი ბუნებაა. მან ეს მახასიათებლები უნიკალური სერიოზულობით და პროფესიონალიზმით შეავსო. მე არასდროს მინახავს ასეთი ყურადღებიანი, მომზადებული, ორიენტირებული და კონცენტრირებული მოთამაშე. მომზადების თვალსაზრისით, ის სხვებისთვის მაგალითს წარმოადგენს“, - თქვა „პაპა კარლომ“ RSI-თან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ რონალდო სამეფო გუნდში 2009-2018 წლებში თამაშობდა. 2023 წელს ის „ალ-ნასრში“ გადავიდა.
მიმდინარე სეზონში, კრიშტიანუმ 35 მატჩი ჩაატარა, 32 გოლი გაიტანა და 4 ასისტი მიითვალა. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 12 მილიონი ევროა.