სეხუდო: ილია და პედი ახლა MMA-ს ყველაზე დიდი ვარსკვლავები არიან
UFC-ს სუპერმსუბუქი და უმსუბუქესი წონითი დივიზიონების ყოფილი ჩემპიონი, ჰენრი სეხუდო მიიჩნევს, რომ უმჯობესი იქნება ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ილია თოფურიასა და პედი პიმბლეტის ჩხუბი დააორგანიზონ.
ამერიკელი მებრძოლის თქმით, „ბედი“ და „ლეგენდა“ ახლა MMA-ს ყველაზე დიდი ვარსკვლავები არიან.
„პედიმ UFC 314-ზე თავის კარიერაში საუკეთესო ჩხუბი აჩვენა, მან ჩენდლერს უმოწყალოდ სცემა. პიმბლეტმა ხელებითა და ფეხებით დარტყმის შესანიშნავი კომბინაცია აჩვენა, როდესაც ეს აუცილებელი იყო. ამ ბრძოლის გათვალისწინებით, გულწრფელად მჯერა, რომ მისი მომდევნო მეტოქე ილია თოფურია გახდება. რატომ? ილიაზე გამარჯვება პედისთვის სატიტულო ჩხუბის მოპოვების გარანტია გახდება. გამარჯვების შემთხვევაში, თოფურიაც ახლოს იქნება ჩემპიონთან ბრძოლასთან. თუ ილია ფიქრობს რომ პედისთან ჩხუბი მარტივია, მაშინ რა აზრი აქვს ჩარლზ ოლივეირასთან ბრძოლას? ილია და პედი ახლა MMA-ს ყველაზე დიდი ვარსკვლავები არიან. პიმბლეტის რეპუტაცია არ დაზიანდება, თუ ის ილიასთან ჩხუბში დამარცხდება, მოგების შემთხვევაში კი მისი პოპულარობა მთელ მსოფლიოში გაიზრდება. მახაჩევის გუნდი მოითხოვს, რომ ილიამ თავი მსუბუქ წონაში გამოავლინოს და რა შეიძლება ამისთვის იმაზე კარგი იყოს, ვიდრე პედისთან ჩხუბია?“, - დაწერა სეხუდომ სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ „ბედის“ UFC-ში დებიუტი 2022 წლის მარტში შედგა. მას შემდეგ ბრიტანელი მებრძოლი არც ერთხელ არ დამარცხებულა.
რაც შეეხება ილიას, ის მსუბუქ წონით დივიზიონში ავიდა და ჯერჯერობით, მისი მომდევნო მეტოქის ვინაობა ცნობილი არაა. მახაჩევმა მასთან ჩხუბზე უარი განაცხადა, რადგან მიაჩნია, რომ „ლეგენდამ“ საჩემპიონო ორთაბრძოლა უნდა დაიმსახუროს.