„ნამდვილი ომი გველოდება“ - EJU სარდალაშვილსა და მარგველაშვილზე
23-27 აპრილს, მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ნაკრები ვარსკვლავური შემადგენლობით მიიღებს.
შეჯიბრების დაწებამდე რამდენიმე დღით ადრე, ევროპული ძიუდოს კავშირი (EJU) მონაწილე ძიუდოისტების შესახებ წერს და წონითი კატეგორიების ფავორიტებს განიხილავს, რომელშიც ბუნებრივია, ქართველი ძიუდოისტებიც მოიაზრებიან.
EJU-მ თავდაპირველად სტატია ორ წონაზე, -60 კილოგრამსა და -66 კილოგრამებზე შემოგვთავაზა, ამ წონებში კი შესაბამისად, საქართველოს ღირსებას მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი გიორგი სარდალაშვილი და ევროპის მოქმედი ჩემპიონი, ვაჟა მარგველაშვილი იცავენ.
რას წერს EJU ქართველ ძიუდოისტებზე:
-60 კგ. წონით კატეგორიაში ნამდვილი ომი გველოდება. მსოფლიო რეიტინგის ტოპ 10 ძიუდოისტიდან 4 ამ ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას და შეგვიძლია ერთგვარ ბალისტიკურ ძიუდოსაც ველოდოთ. საინტერესოა, ვინ გახდება 2025 წლის ევროპის ჩემპიონი?
რეიტინგის სათავეში ოლიმპიური ვერცხლის მედალოსანი, ლუკა მხეიძე იმყოფება, რომელმაც ოლიმპიადის შემდეგ წარმოუდგენელი დაბრუნება მოაწყო თბილისის გრანდ სლემზე და ოქროს მედალიც მოიპოვა, მას კი მთავარ კონკურენციას ევროპის მოქმედი ჩემპიონი, ფრანცისკო გარიგოსი და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, გიორგი სარდალაშვილი გაუწევენ.
გარიგოსი მხეიძეს ოლიმპიურ პოდიუმზეც შეუერთდა, როდესაც ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში გიორგი სარდალაშვილი დაამარცხა. როგორც ჩანს, ამ სამეულს საპრიზო ადგილების გაცვლა მოსწონთ, რადგან ქართველი მსოფლიოს ოქროს მფლობელია, გარიგოსი ევროპის ჩემპიონი, მხეიძე კი ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი. გიორგი სარდალაშვილი ტურნირზე წითელი არშიით იქნება. ქართველი ამ დრომდე სარგებლობს მისი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონის წოდებით. მართალია, მან რამდენიმე კვირის წინ ვარშავის ევროპის ღია პირველობაზე -66 კილოგრამში ძალები წარუმატებლად მოსინჯა, მაგრამ წელსვე ძლიერი საწვრთნელი ბანაკები გაიარა და მისგან ყველა საპრიზო ადგილზე გასვლას ელის.
-66 კგ. წონით კატეგორიაში საქართველოს ღირსებას ევროპის მოქმედი ჩემპიონი, საკმაოდ დიდი გამოცდილების მქონე ვაჟა მარგველაშვილი დაიცავს, რომელმაც კონტინენტის ჩემპიონობა პირველად ყაზანში, 2016 წელს იზეიმა. მარგველაშვილი ახლა კიდევ ერთხელ არის მზად, რომ ოქროს მედალს შეუტიოს. მას დიდი გამოცდილება აქვს, მაგრამ ახლა, ექსტრემალური ნიჭის წარმომადგენლებთან იქნება კონკურენციაში და პოდიუმის მწვერვალზე ასვლა მარტივი არ იქნება.
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთია:
ვაჟთა ნაკრების შემადგენლობა:
- -60 კგ. - გიორგი სარდალაშვილი.
- -66 კგ. - ვაჟა მარგველაშვილი, თემურ ნოზაძე.
- -73 კგ. - ლაშა შავდათუაშვილი.
- -81 კგ. - ტატო გრიგალაშვილი.
- -90 კგ. - ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე.
- -100 კგ. - ილია სულამანიძე.
- +100 კგ. - გურამ თუშიშვილი.
გოგონათა ნაკრების შემადგენლობა:
- -48 კგ. - ჯულიეტა როდონაია.
- -57 კგ. - ნინო ლოლაძე, ეთერ ლიპარტელიანი.
- -63 კგ. - ეთერ ასკილაშვილი.
- -70 კგ. - მარიამ ჭანტურია.
- +78 კგ. - სოფიო სომხიშვილი.
შეგახსენებთ, რომ 23-26 აპრილს ევროპის ჩემპიონატზე შეჯიბრება ინდივიდუალურ ჩათვლაში გაიმართება, 27 აპრილს კი ძიუდოისტები ერთმანეთს შერეულ გუნდურ ჩათვლაში დაუპირისპირდებიან.