„სპორტინგისთვის საკვანძო ფიგურა გახდება“ - ესპანელი ჟურნალისტი ქოჩორაზე
პორტუგალიური გამოცემა O Jogo ესპანელ ჟურნალისტ რაფა ესტევეს გიორგი ქოჩორაშვილზე ესაუბრა, რომელიც ზაფხულში „ლევანტეს“ დატოვებს და ლისაბონის „სპორტინგს“ შეუერთდება.
როგორც რაფა ესტევემ პორტუგალიურ გამოცემას განუცხადა, ქოჩორაშვილი არა მხოლოდ ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი, არამედ რუი ბორჟესისთვის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა გახდება.
რას ამბობს ესტევე ქოჩორაზე:
„ქოჩორაშვილი თავისი პროფესიული კარიერის საუკეთესო პერიოდს გადის. „ლევანტეს“ აკადემიაში მასში ჩამშლელ ნახევარმცველს ხედავდნენ, თუმცა ქოჩორამ პროგრესი განიცადა, დახვეწა ტექნიკა და ტაქტიკური ცოდნა, რის შემდეგაც ნამდვილი „ბოქს-თუ-ბოქსი“ გახდა.
დარწმუნებული ვარ, რუი ბორჟესი მას ძალიან მნიშვნელოვან როლს დააკისრებს. ჩემი აზრით, „სპორტინგმა“ ის ძალიან კარგ ფასად იყიდა. გარიგება ხელსაყრელი იყო „ლევანტესთვისაც“ - მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელში უფრო დიდი თანხის მიღება შეიძლებოდა, 5,5 მილიონი ევრო „ლევანტეს“ ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად გამოადგება.
ქოჩორაშვილი „ექვსიანია“, მაგრამ 8 და 10 ნომრის ფუნქციების შესრულებაც შეუძლია. „ლევანტეს“ დუბლებში მას ისეთი როლი ჰქონდა, როგორიც მოიზეს კაისედოს აქვს, თუმცა ახლა ის თამაშით უფრო გავის ან ენცო ფერნანდესს ჰგავს. თუ ქოჩორაშვილი პროგრესირებას გააგრძელებს, ის შეიძლება იაია ტურეს მსგავს ფეხბურთელად ჩამოყალიბდეს. გიორგის პოტენციალი უსაზღვროა - დარწმუნებული ვარ, პორტუგალიაში წარმატებული თამაშის შემთხვევაში „სპორტინგი“ მისი ბოლო კლუბი არ იქნება.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პორტუგალიური კლუბები ფეხბურთელებით ევროპის საუკეთესო კლუბებს ამარაგებენ, როგორც ეს ჟოაო ფელიქსის, რენატო სანჩესის ან ენცო ფერნანდესის შემთხვევაში მოხდა, ვფიქრობ, მომავალში ის შეიძლება პრემიერლიგაში ან იტალიის საუკეთესო კლუბებში ვიხილოთ“.
შეგახსენებთ, რომ ქოჩორაშვილი ზაფხულში ლისაბონის „სპორტინგს“ შეუერთდება. „ლომებმა“ ქართველ ფეხბურთელში 5,5 მილიონი ევრო გადაიხადეს, კიდევ 2 მილიონის მიღება „ლევანტეს“ ბონუსების სახით შეუძლია.
ამასთან ერთად, თუ „სპორტინგმა“ სამომავლოდ ქოჩორაშვილის გაყიდვა გადაწყვიტა, „ლევანტე“ ტრანსფერიდან შემოსული თანხის 12.5%-ს მიიღებს. „სპორტინგთან“ ქოჩორაშვილის კონტრაქტი 2030 წლამდეა გათვლილი, გამოსასყიდ თანხად კი 80 მილიონი ევრო განისაზღვრა.