„მისი დონის ფეხბურთელისგან უფრო მეტის მოლოდინი გვქონდა“ - ფრანგული მედიის შეფასება
გუშინ, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში პსჟ სტუმრად „ასტონ ვილას“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დამარცხდა, თუმცა ორმატჩიან დაპირისპირებაში ლუის ენრიკეს გუნდმა 5:4 გაიმარჯვა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.
ხვიჩა კვარაცხელია სასტარტო შემადგენლობაში იყო და ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა. ქართველ ფეხბურთელს საგოლე მოქმედება არ ჰქონია, თუმცა მოედანზე ძირითადად შავ სამუშაოს ასრულებდა და დაცვით ფაზაში გუნდს დიდი დახმარება გაუწია.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემებმა ხვიჩას თამაში შეაფასეს:
Footmercato – 3 ქულა: ქართველი დღევანდელ საღამოს შეტევაში დიდი იმედგაცრუება იყო. ერთი კვირის წინ, ბრწყინვალედ ჩატარებული პირველი თამაშის შემდეგ, ზამთრის ახალწვეულს დღეს თავისი შანსები თითქმის არ ჰქონია. რამდენჯერმე, ინდივიდუალური თამაშის დროს ზედმეტი მოძრაობებიც გააკეთა და თითქოს, პარიზული კოლექტივისგან მოწყვეტილი იყო. რაც დღეს შემოგვთავაზა, მისი კალიბრის ფეხბურთელისგან ძალიან ცოტა იყო. ტილემანსის გოლიც მის დაკარგულ ბურთს მოჰყვა.
Eurosport – 3.5: პსჟ-ის მეორე გოლის ეპიზოდის გარდა, ქართველი ძირითადად მცდარ გადაწყვეტილებებს იღებდა. დაჟინებით აგრძელებდა ინდივიდუალურ თამაშს მაშინაც კი, როდესაც ამის საჭიროება არ იდგა და თავის გადაწყვეტილებებში წინდახედულობა აკლდა. იმის მიუხედავად, რომ პირველ მატჩში საკმაოდ ეფექტური იყო, მეორე შეხვედრაში ასტონ ვილა თამაშში სწორედ მის მიერ დაკარგულმა ბურთმა დააბრუნა. თუმცა, უნდა აღინიშნოს მისი ძლიერი თავდაცვითი თამაშიც.
Maxifoot – 3 ქულა: პარი სენ-ჟერმენის გარემარბი მარჯვენა ფლანგზე თამაშით იმედგაცრუებული იყო. შეტევაში ქართველი საკმაოდ მშვიდი იყო, ნევეშთან ერთადერთი გამონაკლისის გარდა, რასაც მენდეშის გოლი მოჰყვა. ტილემანსის გოლის ეპიზოდში კი პასუხისმგებელი ის იყო. დღეს მეტოქის საჯარიმოში მისი გავლენა უფრო ნაკლები იყო, ვიდრე დაცვაში.
Le Parisien – 3 ქულა: პსჟ-ის გოლის ეპიზოდში კარგად იმოქმედა, კაცი თავისკენ გადაიყვანა და ნევეშს ზონა გაუთავისუფლა, რასაც მენდეშის გოლი მოჰყვა. თუმცა, მარჯვენა ფლანგიდან შეტევაში სრულყოფილად ვერ ითამაშა. ასტონ ვილას პირველი გოლის დროს მოედნის ცენტრში ბურთი დაკარგა. ჩვეული კვარა მეორე ტაიმშიც ვერ ვნახეთ...
L’Equipe: - 3 ქულა: მარჯვენა ვინგერის ნაცვლად, დღეს მარჯვენა მცველი იყო. იმის მიუხედავად, რომ დემბელესთან პოზიცია რამდენჯერმე გაცვალა, პირველ ტაიმში საკმაოდ ფრთხილი იყო. ყველაფრის გათვალისწინებით, ასტონ ვილას გოლში მთავარი ბრალეულობა მას აქვს, როდესაც ცენტრში ბურთი დაკარგა და ვილამ სხვაობა შეამცირა. მაკგინისგან ბევრი დარტყმა მიიღო, 43-ე წუთზე კი ზედმეტად ეგოისტურად იმოქმედა. უკეთესი თამაში არც მეორე ტაიმში ჰქონია. 54-ე წუთზე დარტყმა დაუბლოკეს და 88-ზე კიდევ ერთი საეჭვო გადაწყვეტილება.
ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ში გადასვლის შემდეგ ყველა ტურნირზე 18 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 5 გოლი გაიტანა.
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში პსჟ-ის მეტოქე მადრიდის რეალისა და არსენალის წყვილში გამარჯვებული იქნება.