„მეგონა, ადაპტაციისთვის მეტი დრო დასჭირდებოდა“ - რა თქვა სანიოლმა კვარაზე
RMC Sport-ის გადაცემა After Foot-ში ჟურნალისტმა, დანიელ რიოლომ განაცხადა, რომ რამდენიმე დღის წინ საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელ, ვილი სანიოლთან ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.
რა თქვა რიოლომ:
„გასულ უქმეებზე ვილი სანიოლს შევხვდი და კვარაზე ვისაუბრეთ. სანიოლმა თქვა - „მეგონა, პსჟ-ში ადაპტაციისთვის უფრო მეტი დრო დასჭირდებოდა, მაგრამ როცა ასეთი თვისებები და ასეთი ხასიათი გაქვს...“.
სანიოლი მიიჩნევს, რომ პსჟ-მა ძალიან ძლიერი ფეხბურთელი დაიმატა. რა თქმა უნდა, ეს აღმოჩენა არაა, ამას ყველა ხედავს. თუმცა როდესაც მისი მწვრთნელი, რომელიც კვარასთან დიდი ხანია მუშაობს, ასეთ სიტყვებს ამბობს, ეს ნამდვილად საინტერესოა“.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენს“ მიმდინარე წლის იანვარში „ნაპოლიდან“ 70 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.
5 აპრილს ხვიჩამ პარიზულ კლუბთან ერთად საფრანგეთის ჩემპიონობა იზეიმა. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში პსჟ ლონდონის „არსენალსა“ და მადრიდის „რეალს“ შორის გამარჯვებულს შეხვდება, 24 მაისს კი საფრანგეთის თასის ფინალში „რეიმსს“ დაუპირისპირდება.
პსჟ-ის მაისურით ყველა ტურნირზე გამართულ 18 მატჩში კვარას უკვე 4 გოლი და 5 ასისტი დაუგროვდა.