„იცის, რაც მოხდება და არ უნდა, ისლამს ვეჩხუბო“ | ილიამ ხაბიბს უპასუხა
UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ ხაბიბ ნურმაგომედოვს უპასუხა. ცოტა ხნის წინ, „არწივმა“ ისლამ მახაჩევის სამომავლო გეგმებზე ილაპარაკა და განაცხადა, რომ არმან ცარუკიანი თოფურიაზე კონკურენტუნარიანი მეტოქეა და ილიამ საჩემპიონო ჩხუბი უნდა დაიმსახუროს.
„ლეგენდა“ ნურმაგომედოვის სიტყვებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. თოფურიამ X-ის საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა: „ხაბიბმა იცის, რომ მე ვარ ის, ვინც ისლამს საჩემპიონო ქამარს წაართმევს. ეს ერთადერთი მიზეზია, რის გამოც, მას არ უნდა, რომ მახაჩევმა ჩემთან იჩხუბოს“.
Khabib knows I’m the one to take the belt from Islam. Only reason he doesn’t want Islam to fight me
— Ilia Topuria (@Topuriailia) April 16, 2025
ცნობისთვის, ხაბიბის მთავარი არგუმენტი არის ის, რომ თოფურიას მსუბუქ წონით დივიზიონში არაფერი გაუკეთებია. „არწივის“ თქმით, ილია ძლიერი მებრძოლია და სერიოზულ მეტოქეებს მოუგო, მაგრამ ეს ქვემსუბუქში გააკეთა და ამ მომენტისთვის, მსუბუქ წონაში არაფერს წარმოადგენს.
შეგახსენებთ, რომ მახაჩევმა ბოლო ორთაბრძოლა რენატო მოიკანოსთან გამართა და საჩემპიონო ქამარი წარმატებით დაიცვა. ისლამს ბევრჯერ უთქვამს, რომ ქვესაშუალო წონაში ასვლა და ორი წონითი დივიზიონის ჩემპიონობა სურს, ილია კი აცხადებს, რომ UFC-ი მას მსუბუქი წონის საჩემპიონო ორთაბრძოლას დაჰპირდა.