ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

პსჟ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშია | ასტონ ვილა სასწაულთან ახლოს იყო

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საპასუხო მატჩში „ასტონ ვილამ’’ „ვილა პარკზე’’ პსჟ 3:2 დაამარცხა, თუმცა ორი მატჩის ჯამში შემდეგ ეტაპზე პარიზული გუნდი გავიდა, ენრიკეს ფეხბურთელებმა „პარკ დე პრენსზე’’ 3:1 მოიგეს.

„ვილა პარკზე’’ ხვიჩა კვარაცხელია სასტარტოში იყო, შეუცვლელად ითამაშა, თუმცა შეტევაში მნიშვნელოვანი არაფერი შეუქმნია. ბოლო პერიოდში ბრწყინვალე ფორმაშია, მაგრამ „ასტონ ვილასთან’’ საპასუხო მატჩში ხვიჩას საუკეთესო ვერსია ვერ ვიხილეთ, თავის თავს არ ჰგავდა.

„ასტონ ვილა’’ შინ 0:2-ს აგებდა, ჰაკიმის სწრაფ გოლს მენდეშის გოლი მოჰყვა. 34-ე წუთზე ტილემანსმა ანგარიში შეამცირა. შესვენების შემდეგ 2-წუთიან მონაკვეთში უნაი ემერის გუნდმა 2 გოლი გაიტანა, თამაში შემოტრიალა. 55-ე წუთზე ჯონ მაკგინმა ბრწყინვალე გოლი გაიტანა, 57-ე წუთზე ეზრი კონსამ გაიტანა და პსჟ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, დარჩენილ დროში გოლის გატანის შანსები ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა.

აღსანიშნავია დონარუმას ბრწყინვალე თამაში, როცა 3:2-ზე რთული დარტყმა მოიგერია.

კახა კალაძის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია პირველი ქართველია, ვისი გუნდიც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალიდან გავიდა და ნახევარფინალში ითამაშებს.

ხვიჩამ, რომელიც პსჟ-ს გასულ ზამთარში შეუერთდა, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში პსჟ-სთვის 5 მატჩი ჩაატარა. მის აქტივში 2 გოლი და 1 საგოლე პასია.

პსჟ ნახევარფინალში მადრიდის „რეალსა'' და „არსენალს'' შორის გამარჯვებულს შეხვდება, გუნდებს შორის გამართული პირველი მატჩი „მეთოფეებმა'' 3:0 მოიგეს. საპასუხო შეხვედრა ოთხშაბათს საღამოს, 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ხავიერ პასტორე: „კვარას მენტალიტეტი ძალიან მომწონს. რაც მან გააკეთა, საოცრებაა“
ხავიერ პასტორე: „კვარას მენტალიტეტი ძალიან მომწონს. რაც მან გააკეთა, საოცრებაა“