ნოვაკ ჯოკოვიჩი ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელია, რომელსაც მთელ მსოფლიოში მილიონობით გულშემატკივარი ჰყავს. სერბ სპორტსმენს დიდი სლემის ტურნირები ყველაზე მეტჯერ აქვს მოგებული - ის 24-გზის გამარჯვებულია. ჯოკო მსოფლიოს პირველი ჩოგანის ტიტულს 428 კვირის განმავლობაში ინარჩუნებდა.
ამასთან, ნოლე პოლიგლოტია. უყვარს პაროდიების კეთება და ფეხბურთის დიდი გულშემატკივარია.
ბავშვობა
ნოვაკ ჯოკოვიჩი 1987 წლის 22 მაისს, ბელგრადში დაიბადა. მამა პროფესიონალი მოთხილამურე იყო, რომელიც ასევე ფეხბურთს თამაშობდა. 4 წლის ასაკში სწორედ მამისგან მიიღო პირველი ჩოგანი და ბურთი, რომელიც ჯერ მისი გასართობი, შემდეგ კი მთავარი გატაცება გახდა.
6 წლის ნოლეს ტალანტი სერბული ჩოგბურთის ვარსკვლავმა, ელენა გენჩიჩმა შენიშნა. მან დაიწყო იმედის მომცემი ბიჭუნას გაწვრთნა და მომდევნო 10 წელი მასთან იმუშავა. სწორედ გენჩიჩმა ჩამოაყალიბა ჯოკოს ხასიათი, როგორც ადამიანის, ისე პროფესიონალი სპორტსმენის.
ჯოკოვიჩის მშობლებს ბევრი რამის დათმობა მოუწიათ, რათა მას მშვიდად ევარჯიშა.
„სანამ ჩვენ მენეჯერებსა და სპონსორებს ვეძებდით, ბევრი ნერვი დავკარგეთ. არავის უნდოდა ჩვენი დახმარება. ჩემი ქმარი ბევრ კარზე აკაკუნებდა. ამასთან, ის ინვესტიციას არ ითხოვდა, საჭირო კონტაქტებიც კი საკმარისი იყო, მაგრამ მისი მოსმენა არავის სურდა. ისეც ხდებოდა, რომ როდესაც ჩემი ქმარი და ნოვაკი შეჯიბრებაზე იყვნენ წასულები, დანარჩენ შვილებთან ერთად, პურის ფულის გარეშე ვრჩებოდი. ჩვენ ძალიან მამაცები ვიყავით. ნოვაკი რომ სხვა ქვეყანაში დაბადებულიყო, ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა. სერბეთში კი ჩვენ არანაირი მხარდაჭერა არ გვქონდა - ეს ყველაფერი ჯანმრთელობის ფასი დაგვიჯდა“, - თქვა ერთ-ერთი ინტერვიუში ჩოგბურთელის დედამ.
ომი
ნოვაკი 11 წლის იყო, როდესაც ნატოს ძალებმა იუგოსლავიის დაბომბვა დაიწყეს. მან ოჯახთან ერთად, 76 ღამე ბომბსაფარში გაატარა. საკუთარ დაბადების დღესაც სწორედ იქ შეხვდა. ის შიში, რომელიც მოზარდმა გადაიტანა, მის მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩა.
როგორ იხსენებს ამ პერიოდს ჯოკო:
„ეს ერთ-ერთი ყველაზე საშინელი და ტრავმული მოგონებებია ბავშვობიდან, რომელიც დღემდე ჩემთანაა. ჩვენ ვტიროდით იმის გამო, რომ ბომბები ცვიოდა. მახსოვს, სწრაფად მოვაგროვეთ საჭირო ნივთები და სახლიდან გავედით. მამაჩემს ჩემი ძმები ჰყავდა ხელში აყვანილი, დედა კი ნივთებთან ერთად გარბოდა. ერთ მომენტში წავბორძიკდი და წავიქეცი, ხოლო როცა უკან მოვიხედე, დავინახე, როგორ დაფრინავდნენ თვითმფრინავები და ყრიდნენ ბომბებს. მიწა ცახცახებდა. გაგვიმართლა. რომ იმ დღეს ახლობლები არ დავკარგეთ, ბევრი ადამიანისგან განსხვავებით. წარმოდგენაც კი მიმძიმს, თუ რა ტკივილი განიცადეს მათ, როცა ამ ყველაფრის გადატანა მოუხდათ“.
„ეს არის ყველაზე ცუდი რამ, რაც შეიძლება ადამიანმა გამოცადოს - შიში უცხო რაღაცის წინაშე. როცა არ იცი, დაგეცემა თუ არა შემდეგი ბომბი თავზე და ასე, ყოველ დღე, განგაშის სიგნალი, სირენა, რომელიც ყოველ ღამე გვაღვიძებდა, როდესაც თვითმფრინავები გვიახლოვდებოდნენ. უნდა ავმდგარიყავით, ჩანთა აგვეღო და სარდაფში ჩავსულიყავით. პირველ ღამეს, როდესაც ეს მოხდა, დედაჩემმა სიბნელეში გაიღვიძა, თავი გამაცხელებელს მიარტყა და გონება დაკარგა. ღამის 3 საათია. მე 12 წლის ვიყავი, ჩემი ძმები 8 და 4 წლის. ჩვენ ვტიროდით, ტოტალურმა პანიკამ მოგვიცვა, თუმცა ამ გამოცდილებამ გაგვაძლიერა, როგორც ოჯახი და როგორც ადამიანები“.
პროფესიონალური კარიერა
1999 წლის შემოდგომაზე, ჯოკოვიჩი გერმანიის ქალაქ მიუნხენში გაემგზავრა და სწავლა ნიკოლა პულიჩის სახელობის ჩოგბურთის აკადემიაში განაგრძო.
ნოვაკმა საერთაშორისო კარიერა 2001 წელს დაიწყო, როდესაც 14 წლის იყო. ის წელი მან დაასრულა, როგორც ევროპის ჩემპიონმა, ერთეულთა, წყვილთა და გუნდურ თანრიგში. გარდა ამისა, იუნიორების მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ასეთი კარგი დასაწყისის წყალობით, ის 14 წლამდე მოთამაშეებისთვის, ETA-ს რეიტინგში, მე-2 ადგილზე აღმოჩნდა.
მსოფლიო არენაზე ნოლეს პროფესიონალური დებიუტი 2003 წელს გაიმართა, როდესაც 16 წლის იყო. მან „ფიუჩერსების“ სერიის პირველ ტურნირზე გაიმარჯვა, 1 წლის შემდეგ კი პირველად ითამაშა სერბეთის ნაკრების შემადგენლობაში, დევისის თასის შესარჩევ მატჩებზე.
17 წლის ასაკში, ჯოკომ პირველი გამარჯვება მოიპოვა ATP-ის ტურნირზე (ბუქარესტში). იმავე წელს კი „დიდი სლემის“ ტურნირზე მისი დებიუტი შედგა, ავსტრალიის ღია პირველობის პირველ წრეში, მარატ საფინთან დამარცხდა და მსოფლიო რეიტინგის ტოპ-100-ში მოხვდა.
2006 წელს, სერბმა ჩოგბურთელმა ATP-ის ტურნირზე კიდევ 2 გამარჯვება მოიპოვა, რის გამოც მან ტოპ-20-ში გადაინაცვლა. გარდა ამისა, მას ჯილდო „წლის საუკეთესო პროგრესი“ გადაეცა.
2007 წელს, ჯოკომ პირველი ტიტული მოიპოვა მასტერსის ტურნირზე - მაიამიში. შემდეგ კი მან მონრეალში იმ დროისთვის ტოპ მოთამაშეებს, ენდი როდიკს, რაფაელ ნადალსა და როჯერ ფედერერს მოუგო. სწორედ ისინი გახდნენ მისი პრინციპული მეტოქეები მრავალი წლის განმავლობაში.
იმავე სეზონში, საფრანგეთის ღია პირველობისა და უიმბლდონის ნახევარფინალამდე მივიდა, პირველად ითამაშა მეიჯორის ფინალში და ამერიკის ღია პირველობის ტიტულისთვის ბრძოლა ფედერერთან დათმო.
2008 წელს, ჯოკოვიჩმა დიდი სლემის ტიტული პირველად მოიპოვა - მან ავსტრალიის ღია პირველობაში გაიმარჯვა. ნოლე გახდა პირველი სერბი, რომელმაც ერთეულთა თანრიგში, მეიჯორის ტიტული მოიგო.
2011 წელი ჯოკოვიჩისთვის განსაკუთრებული აღმოჩნდა - მან „დიდი სლემის“ 3 და „მასტერსების“ 5 ტიტული მოიგო. ამის შემდეგ ის რეიტინგის სათავეში მოექცა.
2012 წელს, „დიდი სლემის“ ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ფინალი გაიმართა - ავსტრალიის ღია პირველობაზე, ჯოკოვიჩისა და რაფაელ ნადალის დაპირისპირება 5 საათსა და 52 წუთს გაგრძელდა. გამარჯვება ნოლეს დარჩა.
2015 წელს, ჯოკომ ტოპების სათავეში დაბრუნდა, მან 11 ტურნირზე გაიმარჯვა, მათ შორის კარიერაში მეორედ უიმბლდონზე - ფინალში მან რაფაელ ნადალი დაამარცხა.
2017 წელი ნოლესთვის უიღბლო აღმოჩნდა. სერბმა ჩოგბურთელმა ტრავმის გამო, რამდენიმე თვე გამოტოვა და TOP-10-დანაც გავარდა. 2018 წელს მან უიმბლდონი და US Open-ი მოიგო, რის შემდეგაც კვლავ პირველი ჩოგანი გახდა.
2024 წელს, ჯოკომ თავისი მთავარი ოცნება აიხდინა და ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. გადამწყვეტ ბრძოლაში მან კარლოს ალკარასი დაამარცხა.
სკანდალი კოვიდის ვაქცინაზე უარის თქმის გამო
2020 წლის ზაფხულში ჯოკოვიჩმა კორონავირუსი გადაიტანა და გამოჯანმრთელების შემდეგ, ვაქცინაციაზე უარი თქვა. ამის გამო, მან მონაწილეობა არ მიიღო უმსხვილეს ტურნირებში აშშ-სა და კანადაში, ხოლო 2022 წელს სკანდალშიც კი გაეხვა.
კერძოდ, 2022 წლის 5 იანვარს, ნოლე ავსტრალიის ღია პირველობაში მონაწილეობის მისაღებად მელბურნში ჩაფრინდა, თუმცა ის ქვეყანაში არ შეუშვეს, რადგან COVID-19-ზე ვაქცინირებული არ იყო და საკარანტინო სასტუმროში გადაიყვანეს.
საბოლოოდ, ის ტურნირზე არ დაუშვეს და ავსტრალიაში შესვლა 3 წლით აუკრძალეს.
მოგვიანებით ჩოგბურთელის ადვოკატებმა ამ გადაწყვეტილების გაუქმებას მიაღწიეს და ის თავის ერთ-ერთ საყვარელ ტურნირზე 2023 წელს დაბრუნდა.
ამ ამბიდან 3 წლის შემდეგ, ჯოკოვიჩმა სენსაციური განცხადება გააკეთა. მისი მტკიცებით, ის ავსტრალიაში, საკარანტინო სასტუმროში ყოფნის დროს მოწამლეს.
„როდესაც სახლში დავბრუნდი, ჯანმრთელობის პრობლემები დამეწყო. მივხვდი, რომ მელბურნის სასტუმროში მაჭმევდნენ საჭმელს, რომელმაც მომწამლა. არასდროს არ მილაპარაკია ამის შესახებ საჯაროდ, თუმცა აღმოჩნდა, რომ მძიმე მეტალების მაღალი მაჩვენებელი მქონდა. საუბარია ტყვიასა და ვერცხლისწყალზე. ჩემი მდგომარეობა გრიპს ჰგავდა, მაგრამ რამდენიმე დღე გავიდა და ისე ცუდად ვიყავი, რომ სახლში სასწრაფო დახმარების ჯგუფი მკურნალობდა. ასე ვიყავი რამდენჯერმე, შემდეგ კი ტოქსიკოლოგიური კვლევები ჩავიტარე“, - თქვა ჩოგბურთელმა GQ-სთან ინტერვიუში.
პირადი ცხოვრება
2025 წელს ჯოკოვიჩს თავისი ბავშვობის მეგობარი, ელენა რისტიჩი შეუყვარდა, რომელსაც ის მთელი ცხოვრების სიყვარულსა და მთავარ მუზას უწოდებს.
2013 წელს წყვილი დაინიშნა, 1 წლის შემდეგ კი მათ იქორწინეს. მალე ჯოკოსა და ელენას ვაჟი სტეფანი შეეძინათ, 2017 წელს კი ქალიშვილი, რომელსაც ტარა დაარქვეს.
ელენა არა მხოლოდ შვილების აღზრდითაა დაკავებული, ის აგრეთვე ჯოკოვიჩის საქველმოქმედო ფონდის - Novak Djokovic Foundation-ის დირექტორია.
ნოლეს ჰყავს ძაღლი პიერი, რომელიც ყველგან მიჰყავს და ტურნირებზეც კი თან ახლავს.
ჰობი
ჯოკოს ძალიან უყვარს პაროდიების კეთება და მისი ვიდეოები სოციალურ ქსელში მუდმივად პოპულარულია.
პირველად მან ეს ნიჭი 2027 წელს, ამერიკის ღია პირველობაზე გამოავლინა, როდესაც რაფაელ ნადალისა და მარია შარაპოვას პაროდიები გააკეთა.
ამასთან, ნოლე პოლიგლოტია. ის თავისუფლად ფლობს 6 ენას: სერბულს, ინგლისურს, იტალიურს, გერმანულს, სლოვაკურსა და ფრანგულს. გარდა ამისა, მას ესმის ჩინური, არაბული, რუსული, პორტუგალიური და იაპონური.
ჯოკოვიჩი ფეხბურთის დიდი გულშემატკივარია. ბავშვობაში ის ბელგრადელ კლუბში „პარტიზანშიც“ კი თამაშობდა, შემდეგ კი „ცრვენა ზვეზდას“ ფანი გახდა.