„თოფურიას საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, მაგრამ...“ - რას ამბობს ხაბიბ ნურმაგომედოვი
UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა, ამჟამად კი ისლამ მახაჩევის მწვრთნელმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა მახაჩევის გეგმებზე ისაუბრა და ილია თოფურიასთან პოტენციურ ჩხუბთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებაც დააფიქსირა.
ხაბიბ ნურმაგომედოვი:
„ჩემი აზრით, მახაჩევისთვის არმან ცარუკიანი უფრო კონკურენტუნარიანი მეტოქეა. ილია თოფურია ქვემსუბუქ წონაში ძალიან კარგი იყო, მაგრამ მსუბუქ წონაში ის ჯერ არ გვინახავს. არ ვიცი, რა შეთანხმება შედგა თოფურიასა და UFC-ის შორის, მაგრამ ისლამ მახაჩევის გადასახედიდან რომ შევხედოთ, მან უკვე ორჯერ მისცა შანსი ქვემსუბუქი წონის ჩემპიონებს და ორივე ბრძოლა მოიგო, მათ შორის ერთხელ - ავსტრალიაში ჩავიდა და მეტოქის უკანა ეზოში იჩხუბა.
ჩვენ, როგორც გუნდი, მივიჩნევთ, რომ თოფურია ძლიერი მებრძოლია - ჩემპიონი, რომელმაც ძალიან სერიოზულ მეტოქეებს მოუგო, მაგრამ ეს ყველაფერი ქვემსუბუქ წონაში მოხდა. დავუშვათ, ისლამმა ილიას მოუგო - რას აძლევს მას ეს მოგება? შენ უგებ ადამიანს, რომელიც ამ წონაში არაფერს წარმოადგენს. ამიტომაც ისლამი ამბობს, რომ ილიამ ჯერ სხვასთან უნდა იჩხუბოს და დამსახურებული პრეტენდენტი გახდეს.
მახაჩევი მალე 34 წლის გახდება, მასაც სახელოვან მეტოქეებთან ჩხუბი სურს - იქნება ეს თოფურია, ვოლკანოვსკი თუ ვინმე სხვა, მეტოქემ ეს ჩხუბი უნდა დაიმსახუროს. ილია თოფურია მხოლოდ რამდენიმე წელია, რაც UFC-ში ჩხუბობს, 6-7 ბრძოლა აქვს გამართული, ისლამმა კი, თუ არ ვცდები, 17-ჯერ იჩხუბა. თოფურიას საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, მაგრამ თუ სხვა წონაში გადადიხარ, სატიტულო ჩხუბი უნდა დაიმსახურო.
მახაჩევის მომავალი? მას ქვესაშუალო წონაში ასვლა სურს, მაგრამ იქ ჩემპიონი ბელალ მუჰამედია. ის ჩვენი ახლობელია და ურთიერთობას ქამრებზე ვერ გავცვლით. ვფიქრობ, UFC-ში სურთ, რომ ისლამმა ქვესაშუალო წონაში პირდაპირ ქამრისთვის იჩხუბოს. ისლამს ყველაზე ხანგრძლივი წაუგებელი სერია და სერიოზული რეზიუმე აქვს. ჩემპიონი რომ ჯეკ დელა მადალენა ყოფილიყო, მისი და ისლამის ჩხუბი უკვე ჩანიშნული იქნებოდა. როგორც მესმის, UFC-ში მაისის ღონისძიებას [მუჰამედი VS დელა მადალენა] ელოდებიან, თუმცა მე პირადად ბელალის მოგებას ვისურვებდი“.
შეგახსენებთ, რომ ისლამ მახაჩევმა ჩემპიონის ტიტული ბოლოს იანვარში, რენატო მოიკანოსთან ჩხუბში დაიცვა. რაც შეეხება ილია თოფურიას, „ლეგენდამ“ ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ტიტულზე უარი თქვა და მსუბუქ წონაში გადასვლა დააანონსა. ვინ იქნება ილიას მომდევნო მეტოქე, ჯერჯერობით უცნობია.