AS: ბარსელონას საკლუბო მუნდიალზე „უაილდ ქარდით“ თამაში არ სურს
„ბარსელონა“ 2025 წლის საკლუბო ჩემპიონატზე ე.წ. wild card-ით თამაშს არ აპირებს. ამის შესახებ ცნობილი ესპანური გამოცემა AS-ი იტყობინება.
გამოცემის ცნობით, კატალონიურ კლუბს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე თამაში არ სურს იმ შემთხვევაშიც კი, თუ წელს ჩემპიონთა ლიგას მოიგებს.
როგორც AS-ი განმარტავს, „ბლაუგრანა“ დაინტერესებულია მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე თამაშით, ვინაიდან ეს კლუბს პრესტიჟს და ფინანსურ სარგებელს მოუტანდა, თუმცა ამისათვის ტურნირის რეგლამენტის შეცვლას არ მოითხოვს.
„ბარსელონას“ ხელმძღვანელობას კარგი ურთიერთობა აკავშირებს ფიფას პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოსთან, თუმცა კლუბში ესმით, რომ ტურნირის მონაწილეები სპორტული პრინციპით უნდა იყვნენ შერჩეულები“, - წერს გამოცემა.
ასევე, AS-ის ინფორმაციით, ზაფხულში „ბარსელონა“ აზიური ტურნეს გამართვას გეგმავს, რომლის ფარლგებშიც სამხრეთ კორეისა და იაპონიის კლუბებს შეხვდება. კლუბში ტურნედან 25 მილიონი ევროს მიღებას ვარაუდობენ.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი აშშ-ში 14 ივნისიდან 13 ივლისამდე პერიოდში გაიმართება და მასში 32 გუნდი, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენიც“ მიიღებს მონაწილეობას.