ახალი MSN ყალიბდება? პსჟ - ლიგის პოტენციური გამარჯვებული?
ბრიტანული გამოცემა onefootball-ი ლუის ენრიკეს გუნდის შემტევ ტრიოზე წერს და პარალელს მესი-სუარესი-ნეიმარის ლეგენდარულ სამეულთან ავლებს. ვებ გვერდი პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგის მთავარ ფავორიტად მიიჩნევს.
„პარიზელთა შემტევმა ტრიომ ასტონ ვილასთან შეხვედრაში უმაღლეს დონეზე ითამაშა. როდესაც მატჩში სამივე შემტევს გადამწყვეტი მომენტები ექმნება, ეს არის ის, რაც საშუალებას გვაძლევს ვიფიქროთ, რომ საქმე გვაქვს მომდევნო MSN-თან (მესი, სუარესი, ნეიმარი).
მათი მოძრაობების სინქრონულობა და მოქნილობა, კომბინაციები და ურთიერთგაგება - ამ სამეულს ამაღელვებელსა და საინტერესო საყურებელს ხდის. ეს ყველაფერი გაიძულებს პარალელი MSN-თან გაავლო.
მესის, სუარესისა და ნეიმარის მსგავსად პსჟ-ს შემტევი ტრიო პოზიციებს იცვლის, სიღრმეებში ლავირებენ, მოკლე დისტანციებზე კომბინირებენ, კედლებს ითამაშებენ, და არჩევენ, თუ რომელი შეუტევს ბოლო ხაზს.
პსჟ-ს ყურებისას ხედავთ, თუ როგორი სინთეზია არა მხოლოდ შემტევი ტრიოს მოძრაობაში, არამედ ნახევარმცველებსა და მცველებს შორისაც. მუდმივი მოძრაობა დაბალ ბლოკთან მიმართებით ეფექტურია, მეტოქის მოთამაშეები თავიანთი პოზიციებიდან გამოჰყავს და მათი თავდაცვითი სისტემის მოშლას ცდილობს, რაც ლუის ენრიკეს გუნდს ასტონ ვილასთან გამოუვიდა კიდეც.
მარცხნივ კვარაცხელია, მარჯვნივ დუე და ცენტრში დემბელე - ორივე გარემარბის სამოძრაო რუკას თუ შევხედავთ, პლუს დემბელე - ჩვენ დავინახავთ სამივე მათგანს შორის არსებულ წარმატების გასაღებს: პოზიციების ცვლასა და სინქრონულ მოძრაობას. ისინი ერთმანეთთან მუდმივ კონტაქტში არიან და მაგიურ მომენტებს ქმნიან.
ასტონ ვილასთან მატჩში კვარაცხელიას ბურთთან 103 შეხება ჰქონდა, 5 დარტყმა (1 კარში), დრიბლინგის 5 მცდელობიდან 4 წარმატებული იყო და პლუს 5 მომენტი შექმნა. დუეს 72 წუთში ბურთთან 71 შეხება ჰქონდა, 6 დარტყმა (3 ზუსტი), 4 დრიბლინგიდან 2 წარმატებული, შექმნა 3 შანსი.
დემბელე, რომელიც ტრიოში ყველაზე გამოცდილია, აკვირდება და დროულად ამჩნევს გარემარბების შიდა სივრცეში მანევრირებას, ის რწმუნდება, რომ პოზიციების ცვლა სინქრონული და დროულია. ასტონ ვილასთან მას 99 შეხება ჰქონდა, 4 დარტყმა (1 ზუსტი), დრიბლინგის 5 მცდელობიდან 2 წარმატებული და შექმნა 9 შანსი!
ამ შემტევი ტრიოს ნიჭის გათვალისწინებით, რომელსაც თადარიგიდან ბრედლი ბარკოლაც ემატება, რთულია პსჟ ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგის პოტენციურ გამარჯვებულად არ დავასახელოთ. განსაკუთრებით იქიდან გამომდინარე, თუ გავითვალისწინებთ მათი შემტევების განვითარებასა და ჩამოყალიბებას, რა გზასაც ისინი გადიან“.
- წერს ბრიტანული გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ „ასტონ ვილა“ პსჟ-ს მატჩი დღეს 23:00-ზე დაიწყება. წყვილში გამარჯვებული ნახევარფინალში „არსენალი“ „რეალიდან“ გასულს დაუპირისპირდება.