ხვიჩა კვარაცხელია, უსმან დემბელე, ლუის ენრიკე, ბრედლი ბარკოლა, დეზირე დუე
Aa
Aa

„პსჟ-ის ჯადოქრები გვახსენებენ, რომ ფეხბურთი შეიძლება იყოს სახალისო“ - Goal.com

„დეზირე დუე, ხვიჩა კვარაცხელია და პსჟ-ის გარემარბები გვახსენებენ, რომ ფეხბურთი ჯერ კიდევ შეიძლება იყოს სახალისო“ - ამ სათაურით სტატიას ავტორიტეტული სპორტული გამოცემა Goal.com-ი აქვეყნებს.

გამოცემა წერს, რომ ლუის ენრიკე გარემარბებს დრიბლინგის ნებას რთავს, რაც ფეხბურთს უფრო სანახაობრივს ხდის.

„თანამედროვე ფეხბურთში ვეღარ შეხვდებით „ძველი ყაიდის ათიანებს“, როგორებიც იყვნენ დიეგო მარადონა, მიშელ პლატინი, რობერტო ბაჯო, ზინედინ ზიდანი და დენის ბერგკამპი. თუ არ ჩავთვლით ლიონელ მესის, შეიძლება ითქვას, რომ შემტევ ფეხბურთელებში თავისუფლების სულისკვეთება ჩაანაცვლა ავტომატიზებულმა თანამედროვე სტილმა, რომელსაც პრესინგში მონაწილეობის ვალდებულება ამძიმებს.

დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა საშიშროება, რომ „ათიანების“ მსგავსად, გაქრებოდნენ ნამდვილი გარემარბებიც, ვინაიდან, როგორც, მაგალითად, რიო ფერდინანდი აღნიშნავს, „საფეხბურთო აკადემიებში ბავშვებს დრიბლინგის ნაცვლად პასის მიცემას ასწავლიან, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სათადარიგოთა სკამზე დატოვებით სჯიან“.

ლუის ენრიკემ, გუარდიოლას მსგავსად, „ბარსელონასთან“ ერთად ყველა ტურნირი მოიგო, მაგრამ პეპისგან განსხვავებით, ენრიკეს „ბარსელონა“ უფრო ვერტიკალურ ფეხბურთს თამაშობდა და ასტურიელმა მწვრთნელმა ეს სტილი პარიზშიც დანერგა. განსხვავება ისაა, რომ ენრიკეს შეტევაში ერთდროულად სამი გარემარბი ჰყავს - ხვიჩა კვარაცხელია მარცხნივ, დეზირე დუე ან ბრედლი ბარკოლა მარჯვნივ და უსმან დემბელე ცენტრში.

პარიზელთა განაპირა მცველები, აშრაფ ჰაკიმი და ნუნუ მენდეში ასევე დიდ დროს ატარებდნენ შეტევაში, რაც გარემარბების რაოდენობას ხუთამდე ზრდის და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, თუ რამხელა მნიშვნელობას ანიჭებს ენრიკე შეტევაში ფართოდ მოქმედებას და ცალკეული ფეხბურთელების დრიბლინგის უნარებს.

ერთ-ერთი მატჩის შემდეგ ენრიკეს ჰკითხეს, ხომ არ გააკრიტიკა მან დეზირე დუე რამდენიმე წარუმატებელი დრიბლინგის შემდეგ, რაზეც მწვრთნელმა უპასუხა - „არა, მე არ ვბრაზდები, როდესაც ფეხბურთელი მეტოქის მოტყუებას ცდილობს. დუე ერთი ერთზე თამაშის სპეციალისტია, რაც პსჟ-ის ერთ-ერთი ძლიერი მხარეა“.

საკმარისი იქნება თუ არა გარემარბების ჯადოქრობა ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად, ამას დრო გვიჩვენებს, თუმცა „პარი სენ-ჟერმენმა“ გაგვახსენა, რომ ფეხბურთი შეიძლება იყოს სახალისო. გარემარბების მნიშვნელობაზე ისაუბრა რამდენიმე დღის წინ „ლივერპულის“ თავკაცმა, არნე სლოტმაც.

„თანამედროვე ფეხბურთში გარემარბების როლი სულ უფრო მეტად იზრდება. იამალს, კვარაცხელიას, დუეს, საკასა და მარტინელის „დაცვითი ბლოკების“ გატეხა და შანსების შექმნა შეუძლიათ, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია“, - ამბობს სლოტი.

არსებულ ტრენდს ადასტურებს ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრების ტრიუმფიც, სადაც ლუის დე ლა ფუენტეს გუნდს შეტევაში დრიბლინგის ორი სპეციალისტი, ნიკო უილიამსი და ლამინ იამალი ჰყავდა. ტრავმის შემდეგ დაბრუნებულ ბუკაიო საკასთან ერთად „რეალის“ წინააღმდეგ სულ სხვა „არსენალი“ ვიხილეთ, ხოლო „ბაიერნის“ თამაშს დიდწილად მოუხელთებელი ჯამალ მუსიალა განსაზღვრავს, - აღნიშნავს Goal.com-ის ავტორი მარკ დოილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარას და ენრიკეს შანსი - სენ-ჟერმენი ისტორიული მიღწევის ზღვარზე
კვარას და ენრიკეს შანსი - სენ-ჟერმენი ისტორიული მიღწევის ზღვარზე