„ისლამი ადამიანების სულებს იტაცებს“ | მახაჩევის მენეჯერის პასუხი თოფურიას
ილია თოფურია PBD Podcast-ის სტუმარი იყო და მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონზე, ისლამ მახაჩევზე ისაუბრა. „ლეგენდა“ მზადაა, მახაჩევს ჰკითხოს, მისი საყვარელი საბმიშენი რომელია და სწორედ ამ ილეთით, ხაბიბ ნურმაგომედოვის თვალწინ დააფინიშოს.
„ლეგენდას“ სიტყვებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და კომენტარი მახაჩევის მენეჯერმა, ალი აბდელ აზიზმაც გააკეთა. ამ უკანასკნელმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და თოფურიას უპასუხა.
„მახაჩევმა ბოლო 9 მეტოქე ფინიშით დაამარცხა. UFC-ის ისტორიაში მსგავსი რამ არავის გაუკეთებია. ისლამი ადამიანების სულებს იტაცებს და ამას გააგრძელებს მანამ, სანამ ვინმე საპირისპიროს არ დამიმტკიცებს“.
ცნობისთვის, მახაჩევს კარიერაში 28 ორთაბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 27 გამარჯვებაა. ისლამი ბოლოს 2015 წელს დამარცხდა და UFC 192-ზე, ადრიანო მარტინსმა ნოკაუტით მოუგო.