„პიმბლეტმა მსუბუქი წონის სატიტულო ჩხუბი დაიმსახურა“ - დენიელ კორმიე
UFC-ის ორი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, დენიელ კორმიემ განაცხადა, რომ პედი პიმბლეტმა მაიკლ ჩენდლერის დამარცხების შემდეგ სატიტულო ჩხუბი დაიმსახურა.
კორმიეს თქმით, კითხვის ნიშნებს მხოლოდ ის იწვევს, ვის უნდა ეჩხუბოს ბრიტანელი - ილია თოფურიას თუ ჩარლზ ოლივეირას.
„დრო პიმბლეტის სასარგებლოდ მუშაობს. თუ ბელალ მუჰამედი ქვესაშუალო წონის ჩემპიონის ტიტულს ვერ დაიცავს და ჯეკ დელა მადალენასთან დამარცხდება, ისლამ მახაჩევი წონას აუცილებლად შეიცვლის. ასეთ შემთხვევაში მსუბუქი წონის სატიტულო ჩხუბი პედი პიმბლეტმა უნდა მიიღოს. ვინც არ უნდა იყოს მისი მეტოქე, პედიმ ეს ჩხუბი დაიმსახურა“.
შეგახსენებთ, რომ 30 წლის პიმბლეტმა UFC314-ზე მაიკლ ჩენდლერი დაამარცხა და UFC-ში გამართული შვიდი ბრძოლიდან მეშვიდე გამარჯვება მოიპოვა.
რაც შეეხება ჯეკ დელა მადალენასა და ბელალ მუჰამედის ჩხუბს, ის 10 მაისს, UFC315-ზე შედგება. პალესტინელი მებრძოლი გასული წლის ივლისში მოპოვებულ ტიტულს პირველად დაიცავს.