„ესაა ფეხბურთი, რომელიც მიყვარს“ | ლიზარაზუმ კვარას გოლი გამოარჩია
ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა, ბიქსანტ ლიზარაზუმ ხვიჩა კვარაცხელიას მიერ, „ასტონ ვილას“ კარში გატანილ გოლზე ისაუბრა. Telefoot-ის სატელევიზიო შოუში, TF1-ში, ლიზარაზუმ კვირის მომენტი დაასახელა და „კვარას“ გასროლა გამოარჩია.
„ჩემი კვირის მომენტი ხვიჩა კვარაცხელიას გოლია, რადგან მას ყველაფერი აქვს. აქვს ტექნიკა, ძალა, ფეთქებადობა და სიგიჟე. ესაა ფეხბურთი, რომელიც მიყვარს. კვარაცხელია პარი სენ-ჟერმენში იდეალურად ინტეგრირდა, რაც ნიშნავს, რომ პსჟ, როგორც გუნდი, ამ მომენტისთვის, ძალიან ძლიერია“.
შეგახსენებთ, რომ ლიზარაზუმ კვარაცხელიაზე მეოთხედფინალური ეტაპის პირველი მატჩის შემდეგაც ისაუბრა და განაცხადა, რომ დიდი წარმატებაა, ხვიჩამ ადაპტაცია ასე სწრაფად რომ გაიარა. ფრანგმა ფეხბურთელმა „კვარას“ გოლი მაშინაც შეაქო და მას ფანტასტიკური უწოდა.
„პარი სენ-ჟერმენისა“ და „ასტონ ვილას“ განმეორებითი დაპირისპირება 15 აპრილს გაიმართება და „ვილა პარკზე“, თბილისის დროით, 23:00-ზე დაიწყება. „პარი სენ-ჟერმენს“ პირველი შეხვედრა 3:1 აქვს მოგებული და ნახევარფინალში გასვლასთან ძალიან ახლოსაა.