კვარას და ენრიკეს შანსი - სენ-ჟერმენი ისტორიული მიღწევის ზღვარზე
დღეს, „პარი სენ-ჟერმენის“ ისტორიასა და ხვიჩა კვარაცხელიას კარიერაში განსაკუთრებული დღეა - ბირმინგემში, „ვილა პარკზე“ პარიზული კლუბი ადგილობრივ „ასტონ ვილასთან“, რომელიც ერთი კვირის წინ საფრანგეთის დედაქალაქში 3:1 დაამარცხა, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საპასუხო მატჩს გამართავს და წარმატების შემთხვევაში, კიდევ ერთ საკლუბო რეკორდს დაამყარებს.
საქმე იმაში გახლავთ, რომ პსჟ-ის არსებობის ისტორიაში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ზედიზედ ორჯერ არასოდეს უთამაშია და თუ დღეს მიზანს მიაღწევს, ლუის ენრიკე იქნება პირველი მწვრთნელი, რომელიც „სენ-ჟერმენში“ მუშაობისას ამის გაკეთებას მოახერხებს. დიახ, მისი ხელმძღვანელობით საფრანგეთის ბოლო წლების უცვლელი ჩემპიონები ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ოთხ საუკეთესო გუნდს შორის შარშანაც მოხვდნენ, თუმცა ორი მატჩის ჯამში „დორტმუნდთან“ დამარცხდნენ და ფინალს მიღმა დარჩნენ.
ბუნებრივია, ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულო ის ფაქტია, რომ ლუის ენრიკესა და მისი „პარი სენ-ჟერმენის“ ზღაპრული სვლის ერთ-ერთი მთავარი სულისჩამდგმელი ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელიც მართალია კლუბს მხოლოდ სეზონის მეორე ნახევრიდან შეუერთდა, თუმცა თამამად შეიძლება უკვე იმის თქმა, რომ მის გარეშე ამ ფორმაციის პსჟ-ის წარმოდგენა უბრალოდ შეუძლებელია. ხვიჩამ ფრანგული გრანდის რიგებში ყველა ტურნირზე უკვე 17 მატჩის ჩატარება მოასწრო და თავი 4 გოლთან ერთად, 4 საგოლე პასით გამოიჩინა.
„პარი სენ-ჟერმენს“ ჩემპიონთა ლიგა აქამდე არასოდეს მოუგია და ამასთან ყველაზე ახლოს 2019-2020 წლებში იყო, თუმცა ფინალში „ბაიერნთან“ დამარცხდა. იმედია ნავსი სწორედ წელს გატყდება და ხვიჩა კვარაცხელია კახა კალაძეს შემდეგ გახდება რიგით მეორე ქართველი ფეხბურთელი, რომელიც ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირს მოიგებს, რაც მას წელს „ოქროს ბურთისთვის“ ბრძოლაში ჩაბმის ჩინებულ შესაძლებლობას მისცემს.