დინამო ბათუმი, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა, გაგრა, იბერია 1999, თელავი, სამგურალი, გარეჯი
Aa
Aa

ჩემპიონმა ბოლო წუთებზე მოიგო, დინამო ბათუმმა დამაჯერებლად გაიმარჯვა

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-8 ტურის დარჩენილი სამი შეხვედრა გაიმართა.

დღის პირველ მატჩში გათამაშების მოქმედი გამარჯვებული, იბერია 1999 მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გარეჯს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.

იბერიამ ანგარიში მე-5 წუთზე, იური ტაბატაძის მიერ ზუსტად შესრულებული თერთმეტმეტრიანით გახსნა. 52-ე წუთზე, ლევან პაპავამ გიორგი გაბაძის პასით წონასწორობა აღადგინა, გამარჯვების გოლი კი შეხვედრის მიწურულს, ივა გელაშვილმა გაიტანა და თავის გუნდს ერთპიროვნული ლიდერობა დაუბრუნა.

მომდევნო ტურში იბერია 1999 სტუმრად გაგრას დაუპირისპირდება, გარეჯი კი მიხეილ მესხი 2-ზე ტორპედოს მიიღებს.

სათამაშო დღის მეორე მატჩი თელავში ჩატარდა, სადაც ადგილობრივი თელავი გაგრას დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 0:1 დამარცხდა.

საგულისხმოა, რომ მეორე ნახევარში გაგრელებმა ორჯერ გააფუჭეს თერთმეტმეტრიანი, როდესაც ანგარიში 0:0 იყო, მაგრამ გამარჯვების მოპოვება მაინც მოახერხეს. პენალტი 65-ე წუთზე ჯერ მათე ცინცაძემ ააცილა თელაველთა კარს, 70-ე წუთზე კი ოთარ გაგნიძეს დარტყმა მეკარემ აუღო, თუმცა დამატებაზე ზურაბ ჭავჭანიძემ იყოჩაღა და გამარჯვების გოლიც გაიტანა.

როგორც უკვე გითხარით, მომდევნო ტურში ერთმანეთს გაგრა და იბერია 1999 შეხვდებიან, თელავი კი სტუმრად სამგურალს დაუპირისპირდება.

ტურის დასკვნითი მატჩი ბათუმი არენაზე ჩატარდა, სადაც დინამო სამგურალს დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 2:0 დაამარცხა.

გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა ანგარიში მე-8 წუთზე, ლუკა წულუკიძის გოლით გახსნა, 87-ე წუთზე კი გიტის პაულაუსკასმა მეორე გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

მომდევნო ტურში ბათუმის დინამო სტუმრად კოლხეთი 1913-ს დაუპირისპირდება. მე-9 ტურის შეხვედრები 17 და 19 აპრილს გაიმართება.

8 ტურის შემდეგ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილს 20 ქულით იბერია 1999 ლიდერობს, მეორე პოზიციაზე 18 ქულით ბათუმის დინამო იმყოფება, მესამე ადგილზე კი 17 ქულით გორის დილაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები