ტრანსფერი რეალური ხდება - ისევ ვინისიუსი და საუდის არაბეთი
წლევანდელი საფეხბურთო სეზონის მიმდინარეობის დროს, ვინისიუს ჟუნიორის „რეალიდან“ შესაძლო წასვლის თაობაზე ევროპულ სპორტულ მედიაში ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდებოდა და თუ ბოლო თვეების განმავლობაში ბრაზილიელი ვარსკვლავის საუდის არაბეთში გადაბარგება კარლო ანჩელოტისა და ფლორენტინო პერესის განცხადებებიდან გამომდინარე, გამორიცხული იყო, ამჯერად ყველაფერი შეიცვალა.
ცნობილი გერმანელი ჟურნალისტის, ფლორიან პლატენბერგის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამეფო კლუბის ხელმძღვანელები გაღიზიანებულები არიან ვინისიუსის ბოლოდროინდელი უდისციპლინობით და გარდა ამისა, მის მიერ ნაჩვენები თამაშის ხარისხიც არ აკმაყოფილებთ. შესაბამისად, მუშავდება ვარიანტი, რომლის მიხედვითაც ჟუნიორს საუდის არაბეთში რეკორდულ თანხად გაასხვისებენ, სანაცვლოდ კი „მანჩესტერ სიტიდან“ ერლინგ ჰოლანდს დაიმატებენ, რის შემდეგაც კილიან მბაპე მარცხენა ფლანგზე გადაინაცვლებს, ხოლო ნორვეგიელი ცენტრფორვარდის პოზიციაზე დადგება.
შეგახსენებთ, რომ მთელი სეზონის მანძილზე ვრცელდებოდა ცნობები იმის თაობაზე, რომ საუდის არაბეთის პრო ლიგის ერთ-ერთი კლუბი ვინისიუსის სანაცვლოდ 1 მილიარდ ევროს იხდიდა.