„მანიუს დონის მხოლოდ ორი მოთამაშე გვყავს“ - ნევილისთვის პრობლემა ამორიმი არ არის
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ევროპა ლიგის მეოთხედფინალში რამდენიმე დღის წინ „გრუპამა სთედიუმზე“ „ლიონთან“ (2:2) საბრძოლო ფრეს მიაღწია და „ოლდ ტრაფორდზე“ გასამართი საპასუხო მატჩის წინ წყვილის ფავორიტად იქცა. ისე ჩანს, რომ რუბენ ამორიმის შეგირდებისთვის მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოსაპოვებლად ერთადერთი გზა ევროპა ლიგის მოგება იქნება, რადგან „წითელი ეშმაკების“ ინგლისის პრემიერ ლიგის საუკეთესო ხუთეულში მოხვედრა გამორიცხულია.
რატომ გამოიყურება „მანიუ“ არადამაჯერებლად და რით არის განპირობებული კლუბის ასეთი არასტაბილური ასპარეზობა, ამის თაობაზე „იუნაიტედის“ ოფიციალური ვებ-გვერდის ჟურნალისტები გუნდის ვეტერან მოთამაშეებთან ინტერვიუებს ხშირად წერენ და ბევრ მათგანს კონკრეტული პასუხის გაცემა უჭირს. სამაგიეროდ, კრიტიკას არ მოერიდა გარი ნევილი, რომელმაც „მანჩესტერის“ არსებული შემადგენლობა სასტიკად გააკრიტიკა.
რას ამბობს ნევილი
წარუმატებლობის მიზეზი? არ არის გუნდი კარგად დაკომპლექტებული და მორჩა. გასული წლების განმავლობაში „მანჩესტერში“ თამაშობდნენ ფეხბურთელები, რომლებიც ბოლომდე არ იხარჯებოდნენ, რასაც ამ ფორმაციის გუნდის წევრებზე ვერ ვიტყვი - ისინი მაქსიმუმს დებენ მოედანზე, უბრალოდ მეტი არ შეუძლიათ და ამ კლუბის დონის მოთამაშეები არ არიან.
ბრუნო ფერნანდეშისა და ამად დიალოს გარდა, არ მახსენდება ფეხბურთელი, რომელზე დაყრდნობაც შეიძლება. მერწმუნეთ, რუბენ ამორიმის განკარგულებაში არიან საშუალო დონის მოთამაშეები და უბრალო ენთუზიაზმით სავსე ახალგაზრდები, რომელთა ძალისხმევასაც შედეგი არ მოაქვთ. მე როგორც „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნამდვილი გულშემატკივარი ყოველივე ამის გამო თავს სასოწარკვეთილად ვგრძნობ.
შეგახსენებთ, რომ 32 ტურის შემდეგ დაგროვებული 38 ქულით „მანჩესტერ იუნაიტედი“ პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზეა.