20 წ. | მსოფლიო ჩემპიონატისთვის დიდი შეკრება დაიწყო
უმცროსი ბორჯღალოსნების გაფართოებული შემადგენლობა დღეს „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე შეიკრიბა და 2025 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის მზადებას შეუდგა.
20-წლამდელთა ჩემპიონატს წელს იტალია მესამედ (2011 და 2015 წლების შემდეგ) უმასპინძლებს. ის 29 ივნისს დაიწყება და 19 ივლისს დასრულდება, თამაშები კი ლომბარდიისა და ვენეტოს ოთხ ქალაქში გაიმართება: კალვიზანოში, როვიგოში, ვერონასა და ვიადანაში.
საქართველო გ ჯგუფში მოხვდა და 29 ივნისს კალვიზანოში ირლანდიას შეხვდება, 4 ივლისს ახალ ზელანდიას ვიადანაში ეთამაშება. 9 ივლისს კი იტალიას კალვიზანოში შეერკინება.
ნახევარფინალური თამაში 14 ივლისს ვერონაში, ან ვიადანაში გვექნება, ხოლო ფინალური თამაშები 19 ივლისს კალვიზანოსა და როვიგოში გაიმართება.
20-წლამდელთა ჩემპიონატის ა ჯგუფში ინგლისი, ავსტრალია, სამხრეთ აფრიკა და შოტლანდია; ხოლო ბ ჯგუფში საფრანგეთი, არგენტინა, უელსი და ესპანეთი მოხვდნენ. უმცროსი ბორჯღალოსნების გაფართოებულ შემადგენლობაში ამჟამად 45 მოთამაშეა, რომელთაც მოგვიანებით დაემატებიან ლეგიონერები: მიხეილ შიოშვილი (ტულონი), ლუკა საღინაძე (ლიონი) და გიორგი ხაინდრავა (ბორდო), ასევე დავით ბარამია (ტულონი) და ნიკოლოზ ჩხორთოლია (მონპელიე), რომლებიც ამჟამად 18-წლამდელებთან ერთად ექვსი ერის ფესტივალზე თამაშობენ.
ამჟამად „შევარდენზე“ მყოფ 45 მოთამაშეს შორის 28 მორკინალი და 17 ხაზის მოთამაშეა. მათგან 13 ლეგიონერია, დანარჩენები კი ქართულ კლუბებს წარმოადგენენ - 9 თბილისის ‘ლელოს’, 7 ქუთაისის ‘აიას’, 6 თბილისის ‘ხვამლს’, 4 თბილისის ‘არმიას’, 2 პატარძეულის ‘ვეფხვებს’ და თითო-თითო რუსთავის ‘ხარებს’, ოზურგეთის ‘არწივებს’, ‘ბათუმს’ და თბილისის ‘წიქარას’.
14 ივნისს, უმცროსი ბორჯღალოსნები „ავჭალაზე“ ამხანაგურ თამაშს გამართავენ ინგლისელ თანატოლებთან. ისინი ჩემპიონატის წინ ზედიზედ მესამედ ჩამოვლენ საქართველოში.
შეგახსენებთ, ლადო კილასონიას შეგირდებს მზადების ადრეულ ეტაპზე, თებერვლის ბოლოს ორმატჩიანი სერია ქონდათ სამხრეთ აფრიკელ თანატოლებთან. უმცროსი ბორჯღალოსნების გაფართოებული შემადგენლობა
შერკინება: ბაჩუკი ბარათაშვილი (აია), ალიკა ბაჩოშვილი (ვეფხვები), არჩილ ნოზაძე (აჟენი), გიორგი ტურაშვილი (იფსვიჩი), ლევან ეზიეშვილი (კლერმონი), შოთა ხელაძე (ლელო), მიხეილ ხახუბია (ლელო), ირაკლი უსუბიანი (სურენსი), ბექა ნეფარიძე (ხვამლი), გიორგი კაკალიაშვილი (ვალო), მათე ღურწკაია (კასტრი), გიორგი მესხიძე (პერპინიანი), ნიკოლოზ ქუმარიტოვი (ორიაკი), გიორგი ძაგანია (ნარბონი), თემურ წულუკიძე (ოიონა), დავით ლაგვილავა (გრენობლი), ლევან კეპულაძე (ბორდო), ცოტნე ცხოვრებაძე (ხვამლი), დათა ჭილაია (ლელო), ანდრო დვალი (პერპინიანი), დავით წიკლაური (ხვამლი), გიორგი ხუროშვილი (ლელო), ნიკა აბესაძე (ლელო), ლუკა ნარსია (აია), საბა ლაღაძე (აია), გიორგი ბოჩიკაშვილი (ხვამლი), საბა ნებიერიძე (ოზურგეთი), დავით არჩვაძე (ლელო);
ხაზი: თემურ ძოძუაშვილი (აია), გიორგი ჭელიძე (აია), ბუბა ნოზაძე (ბათუმი), გიორგი ჯაში (არმია), გიგი სირბილაძე (ლელო), სანდრო სესიაშვილი (არმია), ნუგზარ ქევხიშვილი (ლელო), სანდრო მესხიძე (არმია), გიორგი ბოლქვაძე (ლელო), ტარიელ ბურთიკაშვილი (ვეფხვები), ლუკა კეშელავა (არმია), საბა შარვაშიძე (აია), გივი სოსელია (ხვამლი), ანზორ სარალიძე (აია), ლუკა თაყაიშვილი (ხვამლი), ანდრია ნიქაბაძე (წიქარა), გიგა ყიფშიძე (ხვამლი).
მთავარი მწვრთნელი: ლადო კილასონია
წყარო: Rugby.ge