„შესვენებაზე ბუცები გამოვიცვალე“ | ოთარ კიტეიშვილის კომენტარი
ოთარ კიტეიშვილის „შტურმმა“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და ერთ-ერთი კონკურენტი, „ზალცბურგი“ სტუმრად 2:1 დაამარცხა. ქართველმა ფეხბურთელმა ფენომენალური მატჩი ჩაატარა და ჯერ პენალტით ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ კი საოცარი სილამაზის გოლი გაიტანა, რომლითაც გრაცელებს 3 ქულა მოუტანა.
მატჩის შემდეგ, კიტეიშვილმა საკუთარი თამაში შეაფასა და ბუცებთან დაკავშირებით, საინტერესო ამბავი გაგვიზიარა: „მეორე გოლის ეპიზოდში, ბურთი მომივიდა და საკუთარ თავს ვუთხარი, დაარტყი, სადაც წავა, წავიდეს-მეთქი.
მარცხენა ფეხს ცუდად არ ვხმარობ, მაგრამ შორეული დარტყმისთვის იშვიათად ვიყენებ. ვარჯიშებზე გამომიცდია, მაგრამ არ ველოდი, რომ გოლს გავიტანდი. ოდნავ გამიმართლა. შესვენებაზე, ბუცები გამოვიცვალე. ალბათ, იღბლიანი ბუცები აღმოჩნდა და არის შანსი, შემდეგ შეხვედრაშიც ჩავიცვა“.
საინტერესოა, რომ კიტეიშვილმა ორივე გოლი მეორე ტაიმში, გამოცვლილი ბუცებით გაიტანა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. შეხვედრის შემდეგ, გრაცელების მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ ზაუმელმა ქართველი ფეხბურთელი შეაქო და განაცხადა, რომ „კიტეს“ კლასი აშკარაა.