„ლაკაზეტმა პენალტი დამითმო. მიხარია, რომ ასისტით ვუპასუხე“ - მიქაუტაძე ოსერთან მატჩის შემდეგ
„ლიონის“ შემტევმა, გიორგი მიქაუტაძემ „ოსერთან“ შთამბეჭდავი მატჩის შემდეგ განვლილი შეხვედრა DAZN-ის მიკროფონთან შეაფასა.
რა თქვა „ბომბარდირმა“:
„ახლა საქმეები კარგად მიგვდის. ცხრილში მეოთხე ადგილზე ვართ და ჩემპიონთა ლიგაში გასვლის შანსი გვაქვს, ამავდროულად, „ოლდ ტრაფორდზე“ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ევროპა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის მატჩი გველის და ნახევარფინალისთვის ვიბრძვით. მწვრთნელი სწორედ ასეთ თამაშს გვთხოვს. ფაქტობრივად, სრულყოფილი მატჩი გვქონდა, კოლექტიურად ერთ-ერთი საუკეთესო“.
„პენალტი? ლაკაზეტი გუნდში პირველი დამრტყმელია, მან კი დამითმო და მე მომცა შესრულების უფლება. ბედნიერი ვარ, რომ ამის შემდეგ მას საგოლე გადაცემა გავუკეთე. გუნდში ყველა ერთმანეთს ვეხმარებით და ამით სიამოვნებას ვიღებთ. ამის განცდა ძალიან სასიამოვნოა“.
„ადაპტაციის პერიოდი? ახლა ნამდვილად დასრულებულია, ამას ყველანაირად ვგრძნობ. თავიდან ფლანგზე თამაში მიწევდა და მქონდა პრობლემები, ჩემი თამაში საუკეთესო ნამდვილად არ იყო, ახლა კი უფრო და უფრო უკეთესი ვხდები და თავსაც უფრო უკეთ ვგრძნობ“.
შეგახსენებთ, რომ ლიგა 1-ის 29-ე ტურში, გიორგი მიქაუტაძემ „ოსერის“ წინააღმდეგ გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
ქართველმა შემტევმა ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში „ლიონის“ მაისურით 29-ე მატჩი ჩაატარა, მის ანგარიშზე კი 9 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა. მიქაუტაძემ ევროპა ლიგაზეც შეძლო თავის გამოჩენა, სადაც 10 ჩატარებულ მატჩი 4 გოლი და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.
ლიგა 1-ში, 29 ტურის შემდეგ „ლიონმა“ 51 ქულა დააგროვა და მე-4 ადგილზე აღზევდა. მომდევნო ტურში მიქაუტაძის გუნდი საკუთარ მოედანზე ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენს“ მიიღებს. მატჩი 20 აპრილს, საქართველოს დროით 22:45 საათზე გაიმართება, მანამდე კი „ბომბარდირის“ გუნდი ევროპა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში „ოლდ ტრაფორდზე“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ შეხვდება.