მიქაუტაძის მაგარი მატჩი - გოლი, ასისტი და გამარჯვება ოსერთან
საფრანგეთის ლიგა 1-ის 29-ე ტურში გიორგი მიქაუტაძის „ლიონი“ სტუმრად „ოსერს“ დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 3:1 დაამარცხა.
გამორჩეული მატჩი ჩაატარა გიორგი მიქაუტაძემ. ქართველი შემტევი სასტარტოში იყო და ფონსეკამ შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე შეცვალა. „ბომბარდირი“ მთელი მატჩის განმავლობაში აქტიურობდა და არა ერთი საგოლე ეპიზოდი ჰქონდა, თუმცა საბოლოოდ „ლიონის“ ორ გოლში მიიღო მონაწილეობა.
მიქაუტაძე 54-ე წუთზე თანაგუნდელებმა მეკარესთან პირისპირ დატოვეს. ქართველმა შემტევმა „ოსერის“ კარის დარაჯი ბრწყინვალე მოძრაობით მოატყუა და იძულებული გახადა, რომ საჯარიმოში თამაშის წესები დაერღვია. საბოლოოდ, მთავარმა მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც ზუსტად მიქაუტაძემ თავადვე შეასრულა და „ლიონი“ დააწინაურა.
62-ე წუთზე რაიან შერკიმ ტოლისოს გადაცემით ბრწყინვალედ ისარგებლა და სხვაობა ორამდე გაზარდა. 77-ე წუთზე მასპინძლებმა ერთი ბურთი გაქვითეს, გოლის ავტორი სინაიოკო გახდა. საბოლოო ანგარიში კი 84-ე წუთზე ალექსანდრ ლაკაზეტმა დააფიქსირა, რომელსაც საგოლე გადაცემა გიორგი მიქაუტაძემ გაუკეთა.
ქართველმა შემტევმა ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში „ლიონის“ მაისურით 29-ე მატჩი ჩაატარა, მის ანგარიშზე კი 9 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა. მიქაუტაძემ ევროპა ლიგაზეც შეძლო თავის გამოჩენა, სადაც 10 ჩატარებულ მატჩი 4 გოლი და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.
ლიგა 1-ში, 29 ტურის შემდეგ „ლიონმა“ 51 ქულა დააგროვა და მე-4 ადგილზე აღზევდა. მომდევნო ტურში მიქაუტაძის გუნდი საკუთარ მოედანზე ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენს“ მიიღებს. მატჩი 20 აპრილს, საქართველოს დროით 22:45 საათზე გაიმართება.