კვერკველიას და კოხრეიძის გოლებით - ტორპედომ „ქართული კლასიკო“ მოიგო
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-8 ტურის ცენტრალურ მატჩში ქუთაისის ტორპედომ რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე თბილისის დინამოს უმასპინძლა და დამაჯერებლად, 2:0 დაამარცხა.
ქუთაისელებმა „ქართულ კლასიკოში“ მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს. ანგარიში 22-ე წუთზე საბა კვერკველიამ გახსნა, რომელიც კუთხურიდან გიორგი კოხრეიძის ჩაწოდებულ ბურთს საჯარიმოში ზუსტად დახვდა, 26-ე წუთზე კი გიორგი კოხრეიძემ საჯარიმოში საბა ხვადაგიანის შეცდომით ბრწყინვალედ ისარგებლა და სხვაობა ორბურთამდე გაზარდა. ტაიმის მიწურულს „ტორპედოს“ მესამე ბურთის გატანაც შეეძლო, თუმცა ბიორნ იონსენმა თბილისური კლუბის კარში დანიშნული პენალტი ვერ გაიტანა. მეორე ტაიმში აღარაფერი შეცვლილა და საბოლოოდ, „ტორპედომ“ 2:0 გაიმარჯვა.
8 ტურის შემდეგ ქუთაისური გუნდი კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში 8 ქულით მე-7 ადგილზე აღზევდა, „დინამო“ კი 11 ქულით მე-4 პოზიციას იკავებს. მომდევნო ტურში დინამო საკუთარ მოედანზე გორის „დილას“ მიიღებს, „ტორპედო“ კი სტუმრად „გარეჯს“ დაუპირისპირდება.