ბითაძის მორიგი შედეგიანი მატჩი - ორლანდო ატლანტასთან დამარცხდა
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მორიგ სათამაშო დღეს გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ სტუმრად „ატლანტა ჰოუკსს“ დაუპირისპირდა და 12 ქულის სხვაობით, 117:105 დამარცხდა.
ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა და მოედანზე სათადარიგოთა სკამიდან გამოჩნდა. ბითაძემ მოედანზე 25:55 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 10 ქულა, 6 მოხსნა (4 შეტევაში), 4 შედეგიანი გადაცემა და 1 ბლოკი მიითვალა. გოგამ 8-დან 4 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ერთხელ ჰქონდა პერიმეტრიდან ჩაგდების მცდელობა, რომელიც არაზუსტი აღმოჩნდა.
შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე ატლანტას კალათბურთელი, კიტონ უალასი გახდა, რომელმაც სამმაგი დუბლი შეასრულა - 15 ქულა, 11 მოხსნა, 15 ასისტი, ორლანდოდან კი ენტონი ბლექი გამოირჩა, რომელსაც ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე მეტი ქულა ჰქონდა - 20 ქულა, 10 მოხსნა, 2 ასისტი.
ორლანდო მეჯიქს პლეი-ინში თამაში გარანტირებული აქვს, რის გამოც მთავარმა მწვრთნელმა რამდენიმე წამყვანი მოთამაშე დაასვენა. გოგას გუნდი პლეი ინში სწორედ ატლანტა ჰოუკსს ხვდება, მანამდე კი NBA-ის ბოლო სათამაშო დღეს, 16 აპრილს, კვლავ ამ გუნდების დაპირისპირებას ვიხილავთ, შეხვედრა ამჯერად ორლანდოში გაიმართება.