მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატი - ორი ბრინჯაოს მედალი დასკვნით დღეს
სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
67 კგ. წონით კატეგორიაში ჯონი ხეცურიანმა რეპეშაჟის ფინალში თურქი მურატ ფირაქი 3:1 დაამარცხა და ბრინჯაოს მედალს დაესაკუთრა.
კიდევ ერთი ბრინჯაოს მედალი გელა ბოლქვაძის ანგარიშზეა. ქართველმა ფალავანმა გადამწყვეტ ბრძოლაში სომეხი სამველ გრიგორიანი ხეცურიანის მსგავსად 3:1 დაამარცხა და სამშობლოში მედლით ბრუნდება.
დღესვე, ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი 60 კგ წონით კატეგორიაში ამირან შავაძესაც ჰქონდა, თუმცა, რეპეშაჟის მოგების შემდეგ, ქართველმა მოჭიდავემ გადამწყვეტი ბრძოლა დათმო.