ზურიკოს საგოლე პასი და ძელი - სენტ-ეტიენის შედეგიანი ფრე ბრესტთან
საფრანგეთის ლიგა 1-ის 29-ე ტურში, ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენი“ საკუთარ მოედანზე „ბრესტს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ და დრამატულ ბრძოლაში ფრედ, 3:3 ითამაშა.
ზურიკო დავითაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა. ქართველმა შემტევმა აქტიური მატჩი ჩაატარა და თავისი გუნდის ორ გოლშიც მიიღო მონაწილეობა.
ზურიკოს მომენტები ბრესტთან:
საგულისხმოა, რომ დღევანდელ შეხვედრაში „ბრესტი“ სამჯერ იგებდა და „სენტ-ეტიენმა“ სამივეჯერ მოახერხა ანგარიშის გათანაბრება, 6 გოლიდან 5 კი პირველ ნახევარში გავიდა.
სტუმრებმა ანგარიში მე-6 წუთზე, აჟორკეს გოლით გახსნეს. მე-16 წუთზე „სენტ-ეტიენმა“ წონასწორობა სტასინის გოლით აღადგინა. საგულისხმოა, რომ გოლი კუთხურს მოჰყვა, რომელიც ზურიკო დავითაშვილმა ჩააწოდა, თუმცა ამ ეპიზოდში ქართველმა პრე-ასისტი მიითვალა.
25-ე წუთზე სტუმრები კიდევ ერთხელ დაწინაურდნენ, გოლი კი ამჯერად სიმამ გაიტანა, 34-ე წუთზე კი ზურიკო დავითაშვილმა კუთხურიდან ამჯერად ასისტი შეასრულა და ზუსტი ჩაწოდების შემდეგ კარდონას გოლის გატანის შესაძლებლობა მისცა.
37-ე წუთზე „ბრესტის“ შემტევმა აჟორკემ მასპინძელთა კარში დუბლი შეასრულა და თავისი გუნდი მორიგ ჯერზე დააწინაურა, ტაიმი კი ბრესტმა 3:2 მოიგო. მეორე ნახევარში ერთადერთი გოლი კარდონამ გაიტანა, რომელიც კვლავ ანგარიშის გამათანაბრებელი გამოდგა და საბოლოოდ, საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
საგულისხმოა, რომ შეხვედრის მიწურულს, მსაჯის მიერ დამატებულ მე-5 წუთზე ზურიკო დავითაშვილს გამარჯვების გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ სამწუხაროდ, მისი თავური ხარიხას მოხვდა.
29 ტურის შემდეგ „სენტ-ეტიენი“ ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში24 ქულით ბოლოსწინა, მე=17 ადგილზე იმყოფება და ამ მოცემულობით, ლიგა 2-ში ვარდება. ზურიკოს გუნდს სამშვიდობო ზონამდე 4 ქულა აშორებს, თუმცა, მის კონკურენტებს 29-ე ტურში თავისი შეხვედრები ჯერ არ გაუმართავთ, რის გამოც არსებობს შანსი, რომ ჩამორჩენა კიდევ უფრო გაიზარდოს. საფრანგეთის ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტური არის დარჩენილი, „სენტ-ეტიენი“ კი მომდევნო შეხვედრას 20 აპრილს, სტუმრად გიორგი მიქაუტაძის „ლიონის“ წინააღმდეგ გამართავს.