კიტეიშვილის მაგარი გოლი და დუბლი - შტურმმა ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი დაამარცხა
ავსტრიის ბუნდესლიგის საჩემპიონო ჯგუფის 25-ე ტურში ოთარ კიტეიშვილის „შტურმი“ სტუმრად ერთ-ერთ მთავარ კონკურენტ „ზალცბურგს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით, 1:2 დაამარცხა.
გამორჩეული მატჩი ჰქონდა ქართველ ნახევარმცველს, რომელიც რთულ დროს თავის გუნდს ნამდვილ მხსნელად მოევლინა და გრაცელთა გამარჯვებაში ფაქტობრივად ლომის წილი დაიდო. ოთარ კიტეიშვილმა მეტოქის კარში დუბლი შეასრულა და თავის გუნდს მნიშვნელოვანი სამი ქულის მოპოვებაში დაეხმარა.
ანგარში ზალცბურგმა პირველ ტაიმში, დაგჰიმის გოლით გახსნა, მეორე ნახევარში კი შტურმმა მეტოქეს ორი უპასუხო ბურთი გაუტანა და თამაში შემოატრიალა. ორივე გოლის ავტორი კი ოთარ კიტეიშვილი გახდა. ქართველმა ნახევარმცველმა ანგარიში 48-ე წუთზე, თერთმეტმეტრიანით გაათანაბრა. საგულისხმოა, რომ 63-ე წუთზე შტურმი მოედანზე 10 კაცით დარჩა. მეტოქესთან უხეშობის გამო მთავარმა მსაჯმა მოედნიდან ვუტრიხი გააძევა და ერთი შეხედვით, გრაცელები გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ და რომ არა კიტეიშვილი, რთული სათქმელია საბოლოო შედეგი რა იქნებოდა. 70-ე წუთზე ქართველმა ფეხბურთელმა საოცარი გოლი გაიტანა. კიტეიშვილმა ზალცბურგის კარი ეფექტური შორეული გასროლით აიღო, რაც საბოლოოდ გამარჯვების გოლიც აღმოჩნდა.
ავსტრიის ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ოთარ კიტეიშვილისთვის ეს უკვე მე-11 გოლი იყო, ამასთან, ქართველი ნახევარმცველის ანგარიშზე 3 საგოლე გადაცემაცაა.
25 ტურის შემდეგ შტურმი ბუნდესლიგის საჩემპიონო ცხრილში 30 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება და მეორეადგილოსან ვენის აუსტრიას, რომელსაც ამ ტურში თავისი მატჩი ჯერ არ გაუმართავს, 3 ქულით უსწრებს, ზალცბურგი კი 25 ქულით მესამე პოზიციაზე იმყოფება. შტურმი მომდევნო შეხვედრას 20 აპრილს, საკუთარ მოედანზე ლინცის წინააღმდეგ გამართავს.