შორიდან ოდნავ ააცილა | გოჩოლეიშვილი განსხვავებულ პოზიციაზე ათამაშეს
დანიის სუპერ ლიგაში „კოპენჰაგენი'' შინ „ბრონდბიუსთან'' 1:2 დამარცხდა. „ბრონდბიუმ’’ მე-18 წუთზე ანგარიში გახსნა, 57-ე წუთზე აშურიმ ანგარიში გაათანაბრა, პირველ დამატებულ წუთზე დანიელ ვასმა პენალტიდან გამარჯვების გოლი გაიტანა. მე-7 დამატებულ წუთზე „კოპენჰაგენს'' ანგარიშის გათანაბრება შეეძლო, მაგრამ ელიუნუსის პენალტი მეკარემ აუღო.
„კოპენჰაგენის'' ქართველი მოთამაშე გიორგი გოჩოლეიშვილი სათადარიგოთა სკამზე იჯდა, მატჩში 23-ე წუთზე ჩაერთო. პირველი ტაიმის დამატებულ წუთზე შორიდან გაისროლა, ბურთი კარს მცირე მანძილით აცდა. ზოგადად, კარგად ითამაშა, შეტევაში აქტიურობდა და დაცვაში რაიმე უხეში შეცდომა არ დაუშვია. დაცვაში ყოველთვის იდეალურად ვერ თამაშობს, თუმცა ამ მხრივ დღეს პრობლემა არ ჰქონია.
სუპერ ლიგის ბოლო ორ ტურში გოჩოლეიშვილი სკამზე იჯდა და თამაშში პირველ ტაიმში ჩაერთო, ორივე შეხვედრაში მარცხენა მცველად ითამაშა, მისთვის განსხვავებული პოზიციაა. მეტწილად მარჯვენა მცველად თამაშობს.
24 წლის ქართველმა ფეხბურთელმა, რომელიც „კოპენჰაგენში’’ პირველ სეზონს ატარებს, სუპერ ლიგაში 17 მატჩში (12 სასტარტოში) 1 გოლი შეაგდო, ორჯერ ყვითელი ბარათი მიიღო.
25 ტურში „კოპენჰაგენმა'' 47 ქულა დააგროვა და პირველ ადგილზეა, თუმცა თუ „მიდტიულანდი'' სტუმრად „ორჰუსს'' მოუგებს, ჩემპიონატის ლიდერი შეიცვლება, პირველ ადგილზე „მიდტიულანდს'' ვიხილავთ.