მაისურაძე რეგულარულად სასტარტოშია | უკრაინაში მის მიმართ ნდობა გაიზარდა
უკრაინის ელიტარული საფეხბურთო ჩემპიონატის, პრემიერ ლიგის 24-ე ტურში პოლტავას „ვორსკლა’’ შინ „პოლისია ჟიტომირთან’’ 0:2 დამარცხდა.
სტუმართა 23 წლის მარჯვენა მცველმა გიორგი მაისურაძემ სასტარტოში შეუცვლელად ითამაშა. თბილისის „დინამოდან’’ უკრაინულ კლუბში გასულ ზაფხულში გადავიდა, სეზონის პირველ ნახევარში მცირე სათამაშო დრო ჰქონდა, თუმცა ზამთრის შეკრების შემდეგ ვითარება რადიკალურად შეიცვალა. მიმდინარე წელს „პოლისია ჟიტომირმა’’ უკრაინის ჩემპიონატში 7 მატჩი ჩაატარა, მაისურაძე ყველა მატჩში სასტარტოში იყო.
უკრაინის პრემიერ ლიგაში მაისურაძის გუნდი მეოთხე ადგილზეა, ევროსაგზურის მოპოვებისთვის იბრძვის, თუმცა ჩემპიონატიდან საკმაოდ რთული იქნება, რადგან მესამეადგილოსან „შახტარს'' 9 ქულით ჩამორჩება და ასევე „შახტარმა'' ერთით ნაკლები მატჩი ჩაატარა. მეოთხე ადგილზე გასვლით ევროტურნირზე ვერ ითამაშებს, თუმცა თასზე გამოდის, ნახევარფინალში „შახტარს'' ხვდება და შესაძლოა მიზნის მიღწევა თასის მოპოვებით შეძლოს, რაც ცხადია მარტივი არ იქნება.
საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ზაფხულში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ითამაშებს და მნიშვნელოვანია მაისურაძე სლოვაკეთში გასამართ ტურნირს კარგ ფორმაში შეხვდეს.