ლუკა ლოჩოშვილი, სალერნიტანა
Aa
Aa

ლოჩოშვილი: “ახალი მწვრთნელი ძალიან მეხმარება“

იტალიის სერია B-ს 33-ე ტურში „სალერნიტანამ’’ შინ ერთ-ერთი უშუალო კონკურენტი „სუდტიროლი’’ 2:1 დაამარცხა. „სალერნიტანას’’ მთავარმა მწვრთნელმა პასკუალე მარინომ ლუკა ლოჩოშვილი სასტარტოში კვლავ შეუცვლელად ათამაშა. სამ ცენტრალურ მცველს შორის ლუკა მარცხენა მცველი იყო.

ქართველმა ფეხბურთელმა კარგად ითამაშა და მატჩის დასრულების შემდეგ, ადგილობრივ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

ლოჩოშვილი:

„ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და პირდაპირი დაპირისპირება, რომლის მოგებაც მოვახერხეთ. ახლა აუცილებელია ამ ენთუზიაზმის შენარჩუნება, რომ გასვლითი მატჩები მოვიგოთ. ამ ვნებით უნდა გავაგრძელოთ თამაში. ეს ხალხი ამ ლიგიდან არ უნდა გავარდეს.

ახალ მწვრთნელთან ერთად ახალი მენტალიტეტი ჩამოყალიბდა. ის ძალიან მეხმარება. დღევანდელი წარმატება კარგი საწყისი წერტილია, მაგრამ ვიცით, რომ გზა გრძელია და აუცილებლად ასე უნდა გავაგრძელოთ.

მესმის, რომ გულშემატკივრები ასეთი სიტუაციით იმედგაცრუებულები არიან. სატურნირო მდგომარეობა მძიმეა და ამ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ. საბედნიეროდ ჩვენ გვყავს ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლიათ სერია ბ-ში დარჩენაში დაგვეხმარონ. ახლა 5 ფინალი დაგვრჩა. ყველაფერი ჩვენს ხელშია და მაქსიმალურად ბევრი ქულა უნდა დავაგროვოთ.“

ცნობისთვის, 33 ტურის შემდეგ „სალერნიტანა’’ 20 გუნდს შორის მე-18 ადგილზეა. ჩემპიონატში ადგილი ფლეი-აუტის გარეშე რომ შეინარჩუნოს, მე-15 ადგილზე გასვლაა საჭირო. „სალერნიტანა’’ მე-15 ადგილზე მყოფ „ბრეშას’’ მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება. შემდეგ ტურში ლოჩოშვილის გუნდი „ჩიტადელას’’ მიიღებს, რომელიც მე-14 ადგილზეა 36 ქულით. მოკლედ, სატურნირო ცხრილში სიმჭიდროვეა, გუნდებს შორის მცირე ქულათა სხვაობაა.

სეზონის პირველ ნახევარში საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველს „კრემონეზეში'' მცირე სათამაშო დრო ჰქონდა, იანვარში „სალერნიტანაში'' გადავიდა, სერია B-ში ზედიზედ 13 მატჩი ჩაატარა, ყველა შეხვედრაში სასტარტოში იყო და მხოლოდ ერთხელ შეცვალეს. კლუბში რეგულარული სათამაშო დრო სანაკრებო შეხვედრებზე დადებითად აისახა.

მსგავსი სიახლეები