ბარკოლას არ ესმის, პსჟ-მ კვარა რატომ დაიმატა | ახალ კონტრაქტზე ყოყმანობს
L’Équipe-ს ცნობით, პსჟ ბრედლი ბარკოლას ახალი კონტრაქტის გახანგრძლივებას სთავაზობს, თუმცა მოთამაშე ყოყმანობს, გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
ბარკოლასთვის პარიზული კლუბის რამდენიმე გადაწყვეტილება გაუგებარი იყო, მათ შორის იანვარში ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა. ხვიჩა, ისევე როგორც ბარკოლა, მარცხენა გარემარბია, თუმცა ამ წელს ჩატარებული მატჩებიდან გამომდინარე ქართველი შემტევი უფრო მრავალმხრივია და შეტევაში რამდენიმე პოზიციაზე კარგად თამაში შეუძლია. ასევე, გადამწყვეტ მატჩებში თამაშზე უფრო დიდ გავლენას ახდენს.
მიმდინარე სეზონში ბარკოლამ ყველა ტურნირის ჩათვლით პსჟ-ში 47 მატჩში 18 გოლი გაიტანა და 16 საგოლე პასი შეასრულა. რაც შეეხება კვარაცხელიას, პსჟ-ში იანვრიდან მოყოლებული საერთო ჯამში 17 მატჩში მის აქტივში 4 გოლი და 5 საგოლე პასია, თუმცა მთავარი ფაქტორი რატომაც დღეს კვარა უფრო კარგ ფორმაშია, ჩემპიონთა ლიგაზე გამართულ მატჩებში გამოჩნდა. „ლივერპულთან'' და „ასტონ ვილასთან'' ხვიჩა გაცილებით პროდუქტიული იყო. მეტიც, ლუის ენრიკემ ბარკოლა „ასტონ ვილასთან'' სკამზე დასვა და მხოლოდ 18 წუთით ათამაშა. ასევე, „ანჟესთან'' მატჩში, სადაც პსჟ-ს ჩემპიონობა გადაწყდა, კვარამ დუეს გამარჯვების გოლისას ბრწყინვალე საგოლე პასი შეასრულა.
ცხადია, ესპანელ სპეციალისტს კვარასა და ბარკოლას როტაცია და მათი სხვადასხვა პოზიციებზე დაყენება შეუძლია, თუმცა ორივე შემტევი უპირველესად მარცხენა გარემარბად ითვლება.
გასული თვის მიწურულს BILD-მა დაწერა, რომ მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი ვენსან კომპანი სანაკრებო პაუზამდე პსჟ „მარსელის“ მატჩს დაესწრო, ბარკოლას თამაშს აკვირდებოდა. კომპანის ბარკოლას თამაში მოსწონს და მის ტრანსფერს განიხილავს. როგორც ჩანს, „ბაიერნიც“ მზადაა მწვრთნელის სურვილი დააკმაყოფილოს, თუმცა პარიზელთა პოზიცია ჯერჯერობით უცნობია. 22 წლის შემტევს კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.
„ასტონ ვილასთან'' მოგებული მატჩის შემდეგ პსჟ ლიგა 1-ში ისვენებს და შემდეგ მატჩს კვლავ ჩემპიონთა ლიგაზე გამართავს, საპასუხო მატჩში „ვილა პარკზე'' 15 აპრილს ითამაშებს.