NBA: 19 და 11 ქულა - მამუკელაშვილისა და ბითაძის კარგი თამაში
გამთენიისას NBA-ში მორიგი შეხვედრები გაიმართა, რომელთაგან ჩვენს ყურადღებას გოგა ბითაძისა და სანდრო მამუკელაშვილის გუნდების გამოსვლა იწვევდა.
ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ სტუმრად „ინდიანა პეისერსთან“ ითამაშა და 129:115 გაიმარჯვა.
გოგამ ყოფილი გუნდის წინააღმდეგ 22 წუთი ითამაშა, რა დროშიც მისი მონაგარი - 11 ქულა, 7 მოხსნა, 3 გადაცემა, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა იყო. 6-დან 5 საჯარიმო გამოიყენა და თამაშიდან სამი ბურთი ჩააგდო.
„ორლანდოს“ რიგებში მთლიანად შეხვედრაში ყველაზე შედეგიანი 25 ქულით ტრეველინ ქვინი გახლდათ.
ეს NBA-ის რეგულარული სეზონის ბოლო ტურის წინა შეხვედრა იყო. „ორლანდოს“ 41 გამარჯვება და 40 მარცხი აქვს. ბითაძის გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზეა და პლეი-ოფში მოსახვედრად პლეი-ინის თამაში მოუწევს, სადაც მისი მეტოქე ან „ჩიკაგო ბულსი“ ან „მაიამი ჰიტი“ იქნება.
„ორლანდო“ ბოლო ტურს 13 აპრილს „ატლანტა ჰოუქსთან“ სტუმრად ითამაშებს.
სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო“ „ფინიქსთან“ სტუმრად 98:117 დამარცხდა.
ქართველმა კალათბურთელმა მორიგი გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა და 25 წუთში 19 ქულა, 9 მოხსნა, 2 გადაცემა და 1 ჩაჭრა გაიფორმა. სანდრომ 15 შეტევიდან ბურთი 8-ჯერ ჩააგდო. 1 ზუსტი სამიანიც ისროლა.
მამუკელაშვილზე მეტი „სან ანტონიოდან“ ჯულიან შამპანიემ ჩააგდო - 23 ქულა.
რეგულარული სეზონის ბოლოს „სან ანტონიო“ 33 გამარჯვებითა და 48 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა და პლეი-ოფში მოხვედრის შანსი კარგა ხანია დაკარგული აქვს.