„რუსების ნდობა არ შეიძლება. ვნახე, ჩემს ხალხს რას უშვრებოდნენ“ | ილია თოფურია
UFC-ის მებრძოლი, ილია თოფურია PBD Podcast-ის სტუმარი იყო. „ლეგენდამ“ ბევრ თემაზე ისაუბრა და რუსეთსა და ვლადიმირ პუტინთან დაკავშირებითაც დააფიქსირა საკუთარი პოზიცია.
„რუსეთისა და უკრაინის ომი? ყოველთვის მშვიდობის მომხრე ვარ და ადამიანების ხოცვას კატეგორიულად ვგმობ. სიღრმისეულად არ ვიცი, რა ხდება, მაგრამ ჩემი წარსულიდან და ისტორიიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ რუსეთის მთავრობაში მყოფ ადამიანებს არავინ აინტერესებთ და ყველა ფეხებზე ჰკიდიათ.
2008 წელს, საქართველოში ვიყავი და საკუთარი თვალით ვნახე, ჩემს ხალხს რას უშვრებოდნენ. რუსები სახიფათონი არიან და მათი ნდობა არ შეიძლება. ვიმეორებ, რომ ჩვეულებრივ ხალხზე არ ვსაუბრობ, ვგულისხმობ პოლიტიკოსებსა და ადამიანებს, რომლებიც ქვეყანას მართავენ. რუსეთი დამპყრობელია.
რუსეთი ოკუპანტია და როდესაც ომს იწყებენ, პირველები, ვისაც წინა ფრონტზე გზავნიან, ჩეჩნები, დაღესტნელები და სხვები არიან. ნამდვილ რუსს ომში ვერ ნახავ. მხოლოდ იმ ადამიანებს შეხვდებით, რომლებიც ამ რეგიონებს წარმოადგენენ. რუსები მათ იყენებენ. სკამსა და ადგილს სთავაზობენ და როცა დრო მოვა, მათგან სამაგიეროს ითხოვენ“.
შეგახსენებთ, რომ თოფურიამ სხვა თემებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ისლამ მახაჩევთან საჩემპიონო ჩხუბი სურს. „ლეგენდა“ დარწმუნებულია, რომ დაღესტნელს დაამარცხებს და ახალი ჩემპიონი გახდება.