მიქაუტაძემ მეორე გოლში დიდი წვლილი შეიტანა | ლიონისა და მანჩესტერის ფრე
ევროპა ლიგის მეოთხედფინალში, გიორგი მიქაუტაძის „ლიონის“ მეტოქე „მანჩესტერ იუნაიტედი“ გახლავთ. პირველი შეხვედრა საფრანგეთში გაიმართა და სტადიონზე შეკრებილმა მაყურებლებმა 4 გატანილი გოლი იხილეს.
შეხვედრაში ანგარიში 26-ე წუთზე გაიხსნა. ტიაგო ალმადას საჯარიმო დარტყმის შემდეგ, ანდრე ონანა შეცდა და „ლიონი“ დაწინაურდა. „წითელმა ეშმაკებმა“ ტაიმის მიწურულს გაათანაბრეს. მასპინძელთა საჯარიმოში შექმნილი არეულობით ლენი იორომ ისარგებლა - 1:1.
მეორე ტაიმში, „ლიონს“ უპირატესობა ჰქონდა და გოლის გატანა რამდენჯერმე შეეძლო, მაგრამ მომენტები ხელიდან გაუშვა და დაისაჯა კიდეც. 88-ე წუთზე, ბრუნო ფერნანდეშის ბრწყინვალე პასი ჯოშუა ზირკზემ გამოიყენა - 2:1. მცირე დროის მიუხედავად, „ლიონმა“ წონასწორობის აღდგენა მოასწრო. მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეხუთე წუთზე, მიქაუტაძის დარტყმის შემდეგ, ონანამ ბურთი ცუდად მოიგერია და დამატებაზე რაიან შერკიმ შეაგდო - 2:2.
ქართველმა ფეხბურთელმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა. მიქაუტაძეს გოლის გატანის შანსები ჰქონდა. ერთხელ მის დარტყმულს მცველები გადაეღობნენ, მეორედ გიორგიმ ვერ შეასრულა, მესამედ კი ონანამ აუღო. 53-ე წუთზე, 24 წლის თავდამსხმელმა ბრწყინვალედ იმოქმედა და ალექსანდრ ლაკაზეტს მომენტი შეუქმნა, მაგრამ ფრანგის დარტყმა არაზუსტი იყო.
ცნობისთვის, „ლიონისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ განმეორებითი შეხვედრა ერთ კვირაში გაიმართება და ნახევარფინალისტის ბედი სწორედ იქ გადაწყდება. მატჩს „ოლდ ტრაფორდი“ უმასპინძლებს და თბილისის დროით, 23:00-ზე დაიწყება.