დინამო ბათუმმა თელავს მოუგო | გაგრამ გარეჯი ბოლო წუთებზე დაამარცხა
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურის დღევანდელი სათამაშო დღე მიხეილ მესხი 2-ზე გაიხსნა, სადაც „გარეჯი“ „გაგრას“ დაუპირისპირდა. გუნდები ქულების გაყოფასთან ახლოს იყვნენ, მაგრამ ნომინალურმა სტუმრებმა 3 ქულა ბოლო წამებზე აიღეს.
შეხვედრის ერთადერთი გოლი 86-ე წუთზე გავიდა. „გაგრას“ შეტევა ვანდერსონ სილვამ დააგვირგვინა და „გარეჯის“ კარი საჯარიმოს მისადგომებიდან აიღო. დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა და „გაგრამ“ 1:0 მოიგო.
„გარეჯისა“ და „გაგრას“ მატჩის შემდეგ, „დინამო ბათუმისა“ და „თელავის“ დაპირისპირება ვიხილეთ. აჭარლებმა დამაჯერებლად იმარჯვეს და 2:0 მოიგეს. შეხვედრის 45-ე წუთზე, „დინამო ბათუმი“ ლუკა ქაფიანიძემ დააწინაურა, მესამოცე წუთზე კი ჯალენ ბლესამ გაიტანა - 2:0.
ცნობისთვის, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილის ლიდერი „იბერია 1999“-ია, რომელსაც 17 ქულა აქვს. „დინამო ბათუმი“ 15 ქულით მეორე პოზიციაზე იმყოფება, ხოლო 14 ქულის მქონე „დილა“ მესამეზეა.