ოფიციალური განაცხადი გაკეთებულია | 64-გუნდიანი მსოფლიო ჩემპიონატი 2030 წელს?
სამხრეთ ამერიკული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის, CONMEBOl-ის პრეზიდენტმა, ალეხანდრო დომინგესმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფორმატის შეცვლა მოითხოვა. დომინგესის მიზანია, 2030 წლის მუნდიალი 64-გუნდიანი იყოს და ამით, ტურნირის 100 წლის იუბილის აღნიშვნა მოხდეს.
„დარწმუნებული ვართ, 100-წლიანი იუბილე უნიკალური იქნება, რადგან ასეთი თარიღი მხოლოდ ერთხელ აღინიშნება. სწორედ ამიტომ, ინიაციატივით გამოვედით, რომ პირველად ისტორიაში, მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობა 64-მა ნაკრებმა მიიღოს და ტურნირი ერთდროულად სამ კონტინენტზე გაიმართოს.
გვინდა, ყველა ქვეყანამ მიიღოს ასეთ გლობარულ ტურნირში მონაწილეობის გამოცდილება და ზეიმს არავინ გამოაკლდეს. ეს ერთჯერადი ცვლილება იქნება, რომლითაც 100 წლის იუბილეს აღვნიშნავთ“, - განაცხადა დომინგესმა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის გაფართოება უკვე მოხდა და მომდევნო მუნდიალზე 32-ის ნაცვლად, 48 ნაკრები იასპარეზებს. ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება, მაგრამ უცხოური გამოცემები ვარაუდობენ, რომ ცვლილებებს ვიხილავთ.