„კვარას წინააღმდეგ დაცვაში თამაში შეუძლებელი იყო“ | პოლ რობინსონი ხვიჩას აქებს
ინგლისის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, პოლ რობინსონმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, „პარი სენ-ჟერმენსა“ და „ასტონ ვილას“ შორის გამართული პირველი მატჩი შეაფასა. რობინსონმა ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩია და განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ დაცვაში თამაში შეუძლებელი იყო.
„კვარაცხელიას წინააღმდეგ დაცვაში თამაში უბრალოდ შეუძლებელი გახლდათ. იყო მომენტები, როდესაც მას ვერც კი მიუახლოვდებოდი. შესვენებაზე, უნაი ემერიმ ცვლილებები განახორციელა და აქსელ დისასი შემოიყვანა, რომელმაც თამაშის ტემპს ფეხი ვერ აუწყო.
დისასი ვერ წყვეტდა, მეტოქესთან ახლოს მისულიყო თუ მისთვის სივრცე მიეცა და კვარაცხელია მას ყველა პირად ორთაბრძოლას უგებდა. დისასი საპირისპირო ფლანგზე გადაიყვანეს და ბრედლი ბარკოლაც ზუსტად იმავეს უკეთებდა. ასტონ ვილას მარჯვენა ფლანგს დაცვაში ძალიან გაუჭირდა და სერიოზული პრობლემები ჰქონდა.
ვეთანხმები მოსაზრებას, რომ დღეს, დისასის საერთოდ არ უნდოდა, მოედანზე ყოფილიყო. რთულია, როდესაც ასეთ დროს შედიხარ და ასეთი ტემპისთვის გიწევს ფეხის აწყობა, მაგრამ დღეს, კვარაცხელია ყველგან იყო“.
შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენმა“ 3:1 იმარჯვა, ხვიჩამ კი ბრწყინვალე გოლი გაიტანა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა 15 აპრილს გაიმართება და თბილისის დროით, 23:00-ზე დაიწყება.