„კარგიცაა და ცუდიც, რომ მატჩის MVP გახდა“ | ვალენსიას თავკაცმა მამარდაზე ისაუბრა
„ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა, კარლოს კორბერანმა გიორგი მამარდაშვილზე ისაუბრა და „რეალთან“, ქართველი მეკარის მიერ ნაჩვენებ თამაშს გამოეხმაურა. „ღამურების“ თავკაცმა მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ „ბლანკოსთან“, „მამარდამ“ დაგვანახა, რა დონეზე იმყოფება.
„ის ფაქტი, რომ გიორგი მამარდაშვილი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, კარგიცაა და ცუდიც. კარგია იმიტომ, რომ საუკეთესო ფორმაში იმყოფება და მზადაა, თავისი თამაშით, გუნდს დაეხმაროს. ეს აშკარაა და გიორგი გვჭირდება, თუმცა, ცუდია იმიტომ, რომ არ მომწონს, როცა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი მეკარე ხდება.
ვცდილობთ, შეხვედრამ ისე ჩაიაროს, ჩვენი გოლკიპერი შეუმჩნეველი დარჩეს, მაგრამ ფეხბურთში ეს ყოველთვის შესაძლებელი არაა. როცა მამარდაშვილს საქმეში ჩართვა უწევს, როგორც ეს რეალთან მოხდა, თავის მაღალ დონეს აჩვენებს. თამაში პასუხისმგებლობასა და ჩართულობაზეა დამოკიდებული და როდესაც ფეხბურთელს ესენი უმაღლეს დონეზე აქვს და თავდაუზოგავად მუშაობს, ასეთ დონეს დებს ხოლმე“.
ცნობისთვის, „ვალენსიას“ „რეალს“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ 2:1 მოუგო, მამარდაშვილს კი 8 სეივი ჰქონდა და ვინისიუს ჟუნიორის პენალტი მოიგერია. მისი გუნდი მომდევნო შეხვედრას 11 აპრილს გამართავს და „სევილიას“ დაუპირისპირდება.