ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ალბათ, ნეაპოლს მსგავსი ეპიზოდები ძალიან ენატრება“ - კვარას იტალიური მედიაც აფასებს

გუშინ, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის პირველ მატჩში, ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ საკუთარ მოედანზე „ასტონ ვილას“ დაუპირისპირდა და 3:1 დაამარცხა.

გამორჩეული მატჩი ჰქონდა ქართველ ფეხბურთელს. ხვიჩა კვარაცხელია პარიზელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და ლუის ენრიკემ თამაშის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე შეცვალა. ხვიჩა მთელი მატჩის განმავლობაში აქტიურობდა და პსჟ-ის გამარჯვებაში უდიდესი როლი ითამაშა. მეორე ტაიმის დებიუტში, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, ქართველმა შემტევმა თავისი გუნდი ბრწყინვალე გოლით დააწინაურა, შეხვედრის მიწურულს კი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოც მიიღო.

კვარას მომენტები ასტონ ვილასთან:

შეხვედრის დასრულების შემდეგ ქართველი შემტევის თამაში უცხოურ მედიაში მრავლად შეაფასეს და მათ შორის გამონაკლისი არც იტალიური მედია ყოფილა. გავლენიანმა იტალიურმა სააგენტოებმა კვარას თამაში მაღალი ქულით შეაფასეს და საქებარი სიტყვებიც არ დაიშურეს.

რას წერენ იტალიურ მედიაში:

Turromercatoweb – 8 ქულა: მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი და უდავოდ, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთა შორისაა. მან მთელ ასტონ ვილას პრობლემები მოედანზე შესვლის წამიდან შეუქმნა, თავის მაგიას ყველაფერში ავლენდა - როგორც დრიბლინგებში, ისე დარტყმებში. სწორედ ამ ერთ-ერთი მაგიური დარტყმით დააწინაურა პსჟ, ის მოძრაობა კი, რომელიც დისასის გაუტენა, ფრანგ მცველს მთელი ცხოვრება ემახსოვრება.

Calciomercato – 8 ქულა: პირველივე წუთებიდან აიშვა, მაგრამ ნაკლებად სახიფათო იყო. თუმცა, მეორე ტაიმის დასაწყისიდანვე თავისი მაგიურობა გამოავლინა. ბურთი წაიღო, დისასი ჩამოიტოვა და მარცხენა ფეხით მთელი ძალით ბურთი კარისკენ გაუშვა. ეს ერთ-ერთი იმ ეპიზოდთაგანი იყო, რომელიც ნეაპოლში არა ერთხელ უნახავთ და დღემდე ძალიან ენატრებათ.

Eurosport.it – 8 ქულა: ბრწყინვალე გოლი იყო მათთვის, ვისაც გემოს რეცეპტორები კარგად აქვს განვითარებული. ბურთი ჯერ ნაზი მოძრაობით დაამუშავა და ძელთან ახლოს დარტყმით მორიგი შედევრი შექმნა. დუესთან ერთად ის პარიზული შეტევის მთავარი სიკაშკაშე იყო.

მიმდინარე სეზონში, ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ის მაისურით ჩემპიონთა ლიგაზე მეორე გოლი გაიტანა, პირველად კი ეს „ბრესტის“ წინააღმდეგ, პლეი-ინში შეძლო. საერთო ჯამში, „ასტონ ვილასთან“ გატანილი გოლი ხვიჩას პარიზულ კარიერაში მეოთხე იყო.

პსჟ-სა და „ასტონ ვილას“ შორის ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრა 15 აპრილს ბირმინგემში გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ენრიკე: ხვიჩა უნივერსალურია, მისი ყიდვა ჩემს აქ მოსვლისთანავე გვინდოდა
ენრიკე: ხვიჩა უნივერსალურია, მისი ყიდვა ჩემს აქ მოსვლისთანავე გვინდოდა