„მშვიდად უნდა ვიყოთ და გეგმას მივყვეთ“ - კვარას ინტერვიუ პეტერ შმეიხელთან
გუშინ, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის პირველ მატჩში, ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ საკუთარ მოედანზე „ასტონ ვილას“ დაუპირისპირდა და 3:1 დაამარცხა.
გამორჩეული მატჩი ჰქონდა ქართველ ფეხბურთელს. ხვიჩა კვარაცხელია პარიზელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და ლუის ენრიკემ თამაშის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე შეცვალა. ხვიჩა მთელი მატჩის განმავლობაში აქტიურობდა და პსჟ-ის გამარჯვებაში უდიდესი როლი ითამაშა. მეორე ტაიმის დებიუტში, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, ქართველმა შემტევმა თავისი გუნდი ბრწყინვალე გოლით დააწინაურა, შეხვედრის მიწურულს კი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოც მიიღო.
კვარას მომენტები ასტონ ვილასთან:
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ქართველი ფეხბურთელი CBS Sports Golazo-ს ეთერში ლეგენდარულ დანიელ მეკარეს, პიტერ შმეიხელს გაესაუბრა.
რა თქვა ხვიჩამ შმეიხელთან:
„შეგვიძლია თუ არა ჩემპიონთა ლიგის მოგება? ვფიქრობ, ცხოვრებაში და ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია. ჩვენ უბრალოდ თამაშებზე ვართ კონცენტრირებულები, იმ თამაშებზე, რომლებიც გვიახლოვდება. რა თქმა უნდა, ჩვენს ოცნებებში არის ჩემპიონთა ლიგის მოგება, მაგრამ სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ და უბრალოდ საქმეს უნდა მივყვეთ, მივენდოთ მწვრთნელს და მოედანზე ყველაფერი ჩავდოთ“.
„ნაპოლიდან წასვლა რთული იყო, რადგან ეს ქალაქი, ხალხი, გუნდი, ფეხბურთელები და მწვრთნელები ძალიან მიყვარდა. იქ ბედნიერი ვიყავი, მაგრამ ეს ფეხბურთია და ზოგჯერ გიწევს ასეთი ნაბიჯების გადადგმა და მომავლისთვის ახალი გამოწვევების მიღება. დღეს კი აქ ყოფნით და ამ ბიჭებთან ერთად თამაშით ვარ ბედნიერი“.
მიმდინარე სეზონში, ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ის მაისურით ჩემპიონთა ლიგაზე მეორე გოლი გაიტანა, პირველად კი ეს „ბრესტის“ წინააღმდეგ, პლეი-ინში შეძლო. საერთო ჯამში, „ასტონ ვილასთან“ გატანილი გოლი ხვიჩას პარიზულ კარიერაში მეოთხე იყო.
პსჟ-სა და „ასტონ ვილას“ შორის ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრა 15 აპრილს ბირმინგემში გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.