„არ დაგვავიწყდეს, რომ აქ იანვარში მოვიდა“ - ლიზარაზუმ კვარა შეაქო
ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა, ბიქსენტ ლიზარაზუმ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში, პსჟ-სა და „ასტონ ვილას“ მატჩი შეაფასა და ხვიჩა კვარაცხელია შეაქო.
რას ამბობს ლიზარაზუ:
„უსამართლობა იქნებოდა, ეს მატჩი 2:1 რომ მოგვეგო, მესამე გოლი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ამან მნიშვნელოვანი უპირატესობა შექმნა. ასტონ ვილა მხოლოდ თავს იცავდა. მათი ერთადერთი ვარიანტი კონტრშეტევებზე თამაში იყო, რაც გოლის ეპიზოდში კარგად გააკეთეს“.
„ამ თამაშით, რასაც პსჟ აჩვენებს, ყველა მეტოქისთვის დაუძლეველია. მათი კონტრპრესინგი მეტოქისთვის ძალიან დამღლელია, შთამბეჭდავია და ყველას აბნევს. საკმაოდ რთულია, როდესაც გუნდს ამოსასუნთქად ბურთის ფლობის ფაზა არ აქვს, პსჟ კი მეტოქეებს ამის შესაძლებლობას არ აძლევს“.
„დუე და კვარაცხელია?“ ჯერ დუეზე ვიტყვი, რომ მართლაც განსაკუთრებული ბიჭია, ეს ამაღამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა. მას შეუძლია ტექნიკურად ისეთი უნარების ჩვენება, რომელიც დაადასტურებს, რომ ყველასგან განსხვავებულია. ამას აკეთებს ჩემპიონთა ლიგაზე, ნაკრებში... ძალიან მაგარია“.
„რაც შეეხება კვარაცხელიას, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აქ იანვარში მოვიდა და დიდი წარმატებაა, რომ ადაპტაცია ასე ულტრა-სწრაფად გაიარა. მისი გოლი ფანტასტიკური იყო, მარტინესმა კუთხე კარგად დაბლოკა, მაგრამ მაინც გაიტანა...“
მიმდინარე სეზონში, ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ის მაისურით ჩემპიონთა ლიგაზე მეორე გოლი გაიტანა, პირველად კი ეს „ბრესტის“ წინააღმდეგ, პლეი-ინში შეძლო. საერთო ჯამში, „ასტონ ვილასთან“ გატანილი გოლი ხვიჩას პარიზულ კარიერაში მეოთხე იყო.
პსჟ-სა და „ასტონ ვილას“ შორის ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრა 15 აპრილს ბირმინგემში გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.