“კვარამ პსჟ ორბიტაზე გაუშვა“ - UEFA-ს და მედიის გამოხმაურება ხვიჩას თამაშზე
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ მატჩში პარი სენ ჟერმენმა ასტონ ვილას უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა.
მატჩის დასრულების შემდეგ, სხვადასხვა ავტორიტეტულმა გამოცემებმა, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ დაწერეს, რომელმაც ასტონ ვილას საოცარი გოლი გაუტანა.
UEFA:
„მთელი მატჩის განმავლობაში ძალიან ბევრს შრომობდა. ბევრი საფრთხე შექმნა. თავისი ჯადოსნური მოქმედებით, მეორე გოლის მომენტში ყველა გაახარა. ამ გოლში კლასი და ნიჭი გამოჩნდა. ეს იყო მაგალითი, თუ როგორ უნდა აიღოს პაუზა ფეხბურთელმა და საჯარიმოში შესვლისას აკონტროლოს თამაშის ტემპი. დღეს მისგან ყველაფერი ხარისხიანი იყო, როგორც ბურთით, ისე უბურთოდ.“
BBC SPORT:
„უყურეთ, ის აბსოლუტურად საუკეთესოა. ხვიჩა კვარაცხელია შეუჩერებელი იყო. ასტონ ვილა მას ვერც კი უახლოვდებოდა. მაგალითად, აქსელ დისასიმ არ იცოდა საით უნდა წასულიყო. მას კვარა ყოველ ჯერზე ატყუებდა.“
Le Parisien:
„ხვიჩა კვარაცხელიამ ზებუნებრივი გოლი გაიტანა. ისეთივე წარმოუდგენელი, როგორიც დეზირე დუემ. თანაც, ეს ყველაფერი 10 წუთის ინტერვალში. მეტიც, ქართველმა ფეხბურთელმა ზღაპრული გოლი გაიტანა. სწორედ ამისთვის იყიდეს ზამთარში 70 მილიონი ევროს სანაცვლოდ. კვარამ პსჟ ორბიტაზე გაუშვა.“
L’equipe:
„ხვიჩა კვარაცხელია ლუის ენრიკეს სხვა ძლიერი არჩევანია, რომელმაც გენიალურობა გამოიჩინა. ქართველმა დიდებული აჩქარება მოახდინა, საჯარიმოში დამანგრეველი ცრუ მოძრაობა გააკეთა და არგენტინელ მეკარეს შეუჩერებელი დარტყმით გაუტანა.“
შეგახსენებთ, რომ კვარას გარდა გოლები დეზირე დუემ და ნუნუ მენდეშმა გაიტანეს. ასევე, ხვიჩა გახდა პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გოლი გაიტანა.
ცნობისთვის, ასტონ ვილასა და პარი სენ ჟერმენის განმეორებითი დაპირისპირება ბირმინგემში 15 აპრილს გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.
კვარას საუკეთესო მომენტები VS ასტონ ვილა