გიორგი მიქაუტაძე, პაულო ფონსეკა
Aa
Aa

„ისე მოვემზადეთ, თითქოს, ისტორიაში საუკეთესო მან. იუნაიტედს ვხვდებოდეთ“ - ფონსეკა 1/4 ფინალის წინ

ხვალ, უეფას ევროპა ლიგის 1/4 ფინალურ მატჩში გიორგი მიქაუტაძის „ლიონი“ საკუთარ მოედანზე „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაუპირისპირდება.

შეხვედრამდე ერთი დღით ადრე „ლიონის“ მთავარმა მწვრთნელმა, პაულო ფონსეკამ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

პაულო ფონსეკას პრესკონფერენცია:

მატჩის მნიშვნელობა

„ვიცით, რომ „მანჩესტერ იუნაიტედისთვის“ ეს მნიშვნელოვანი მატჩი იქნება, მაგრამ ამავდროულად, ეს თამაში ჩვენთვისაც ბევრს ნიშნავს. შესაძლოა, მათთვის უფრო გადამწყვეტიც იყოს, რადგან ეს ერთადერთი შანსია, რათა ევროტურნირების საგზური მოიპოვონ. ამ მატჩისთვის ისე მოვემზადეთ, თითქოს ისტორიაში საუკეთესო „მანჩესტერ იუნაიტედს“ ვუპირისპირდებოდეთ“.

ფეხბურთელების ამბიცია

„ფეხბურთელების ამბიციის ძალიან კარგად მესმის და ამით ბედნიერი ვარ, მაგრამ როგორც მწვრთნელმა, გარკვეული ბალანსი უნდა შევინარჩუნო. ცხადია, გამარჯვება გვინდა, მაგრამ ისიც ვიცით, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვუპირისპირდებით. ბალანსის დაცვა აუცილებელია. შანსები გვექნება, მაგრამ ამავდროულად, თავი კარგად უნდა დავიცვათ და ძალიან მაღალი დონის თამაში უნდა ვაჩვენოთ. მნიშვნელოვანია, რომ გუნდის მოტივაციას ვგრძნობ“.

რუბენ ამორიმის შესახებ

„ორი თამაში გვაქვს ჩასატარებელი და არავინ იცის, რა მოხდება, მაგრამ ამორიმის სტილს კარგად ვიცნობ. ის ძლიერი მწვრთნელია. მნიშვნელოვანია, რომ ორივე მატჩში დაბალანსებულები ვიყოთ. თუ შანსების შექმნა გვინდა, მაშინ დაცვაში კარგად უნდა ვითამაშოთ. ვარჯიშებზე ვიმუშავეთ როგორც დაცვაში, ისე შეტევაში. რუბენის გაწვრთნილ გუნდთან მაქსიმალური კონცენტრაცია გვჭირდება“.

ორი გზა ჩემპიონთა ლიგისკენ

„ორივე გზა ძალიან რთულია. ამიტომაც მხოლოდ მომავალ მატჩზე ვფიქრობ. ვერ ვიტყვი, რომელი უფრო მარტივი იქნება. ორივე მნიშვნელოვანია და ორივე ერთნაირი მონდომებით მივუდგებით“.

მღელვარება მატჩის წინ

„ვაპირებთ, რომ ამ მატჩს ისევე მივუდგეთ, როგორც სხვა დანარჩენს. ნორმალურია, რომ ამ თამაშის ირგვლივ მღელვარებაა, ეს ევროპა ლიგის 1/4 ფინალია, სახლში, ჩვენს გულშემატკივრებთან ერთად. მომწონს ეს ენერგია, მომწონს, როდესაც ხალხს ჩვენი სჯერა და ამბობენ, რომ გამარჯვება შეგვიძლია“.

შეგახსენებთ, რომ „ლიონისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ დაპირისპირება 10 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება, საპასუხო მატჩი კი ზუსტად 1 კვირაში, 17 აპრილს „ოლდ ტრაფორდზე“ გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ანალიზი: როგორ თამაშობს ემერის ასტონ ვილა? იქნება გოლების წვიმა?
ანალიზი: როგორ თამაშობს ემერის ასტონ ვილა? იქნება გოლების წვიმა?