„ვინისიუსს მისთვის 50 ევრო არ მიუცია“ | უგო დურომ მამარდას სანაძლეო მოუგო
„ვალენსიას“ ფეხბურთელმა, უგო დურომ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. „ღამურების“ ერთ-ერთ ლიდერს გიორგი მამარდაშვილისა და ვინისიუს ჟუნიორის სანაძლეოს შესახებაც ჰკითხეს და დურომ საინტერესო ამბავი გაგვიზიარა.
„ვინისიუსისა და მამარდაშვილის სანაძლეო? ვინის მისთვის წაგებული 50 ევრო დღემდე არ მიუცია. უფრო მეტიც, გიორგის ჩემთვის მოუწია 50 ევროს გადახდა, რადგან FIFA-ში მოვუგე“.
ცნობისთვის, მამარდაშვილმა და ვინისიუსმა სანაძლეო „რეალისა“ და „ვალენსიას“ მატჩის დროს დანიშნული თერთმეტმეტრიანისას დადეს. პენალტის მოგერიების შემთხვევაში, ბრაზილიელს „მამარდასთვის“ 50 ევრო უნდა მიეცა, მაგრამ პირობა ჯერ კიდევ არ შეუსრულებია.
საინტერესოა, რომ მამარდაშვილი „ვალენსიას“ მეხუთე მეკარეა, რომელმაც „სანტიაგო ბერნაბეუზე“ თერთმეტმეტრიანი მოიგერია. აქამდე მსგავსი რამ მხოლოდ კიკე მარტინს, ანდონი სუბისარეტას, სანტიაგო კანისარესსა და დიეგო ალვეშს გაუკეთებიათ.