ნეაპოლელი მსაჯები ნაპოლის მატჩებზე არ იმუშავებენ | „აქ ფეხბურთი სხვანაირად უყვართ“
იტალიის სერია A-ში რეგიონალური შეზღუდვა მოიხსნა და მთავარ არბიტრებს უფლება მიეცათ იმ ქალაქის წარმომადგენლების მატჩები განსაჯონ, სადაც ცხოვრობენ. ცვლილებების მიუხედავად, ფაბიო მარესკა და მარკო გუიდა არ აპირებენ, „ნაპოლის“ თამაშებს გაუძღვნენ, რადგან ერთი შეცდომაც შესაძლოა ძვირად დაუჯდეთ.
„ნაპოლის თამაშებზე მუშაობა თავისუფლად შემიძლია, მაგრამ გადავწყვიტეთ, რომ ეს არ გავაკეთოთ. მილანში, რომსა და სხვა ქალაქებში ფეხბურთს სხვანაირად უდგებიან, ნეაპოლში ყველაფერი სხვანაირადაა“, - ამბობს მარესკა.
„ნეაპოლში ვცხოვრობ და ჩათვალეთ, პროვინციაში ვარ. სამი შვილი მყავს, ჩემს მეუღლეს კი ბიზნესი აქვს. დილაობით, მინდა, ჩემი შვილები სკოლაში მშვიდად წავიყვანო. ჩვენს ქვეყანაში ფეხბურთი უამრავ ემოციასთან ასოცირდება. ნეაპოლში, ნაპოლის თამაშზე შეცდომა რომ დავუშვა, ქუჩაში გასვლა ან საყიდლებზე წასვლა უსაფრთხო არ იქნება. შეცდომით პენალტი რომ დავნიშნო, მინიმუმ ორი დღე სახლიდან ვერ გავალ, რისი პერსპექტივაც ნამდვილად არ მომწონს“, - აღნიშნავს გუიდა.
საინტერესოა, რომ იტალიელმა მსაჯებმა ახალგაზრდა თაობაზეც ისაუბრეს და განაცხადეს, რომ ადგილობრივი გულშემატკივრებისთვის ასაკს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მათ უნახავთ დამწყები, 15-16 წლის არბიტრები, რომლებიც შეურაცხყოფის გამო, ცრემლებს ვერ იკავებდნენ.